საქართველოს ნაკრებმა ხელბურთში პირველი მატჩი ითამაშა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. მესამე ჯგუფში სტუმრად საბერძნეთს შევხვდით და 26:27 წავაგეთ… ბოლო წამებზე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
თავიდან ჩვენ უკეთ თამაშობდნენ, ოთხი ბურთით გავედიტ წინ, თუმცა მასპინძლებმა ანგარიში შეამცირეს და პირველი ტაიმი 12:13 დასრულდა ქართველების სასარგებლოდ.
შესვენების შემდეგ ბერძნები დაცვაშიც კარგად თამაშბდნენ და აქტიურადაც გვიტევდნენ. მეკარე ზურაბ ცინცაძემ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.
კულმინაცია ბოლოს დადგა. მატჩის დასრულებამდე 18 წამით ადრე გიორგი ცხოვრებაძემ ანგარიში გაათანაბრა. ტაიმ-აუტის შემდეგ მასპინძლებს ჩანაფიქრი გამოუვიდა და ზედ საფინალო სასტვენის წინ საბერძნეთმა გამარჯვების ბურთი გაიტანა.
საქართველოს ნაკრებიდან 11 გოლი ცხოვრებაძემ გაიტანა, 5 ორჯონიკიძემ, 4 რუსტამოვმა, 3 არსენიშვილმა,
თითო-თითო კი ლაპიაშვილმა, პატაშურმა და კბილაშვილმა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ზურაბ ცინცაძე, დავით ნიქაბაძე – გიორგი ცხოვრებაძე (19 დარტყმა, 11 გოლი), თეიმურაზ ორჯონიკიძე (9, 5), ხაზეინ რუსტამოვი (4, 4), ერეკლე არსენაშვილი (3, 3), ირაკლი კბილაშვილი (3, 1), მირიან გავაშელიშვილი (2, 1), გიორგი ლაპიაშვილი (1, 1), აკაკი პატაშური, გიორგი არეშიძე, ირაკლი გოგოლაძე, ზურაბ გოგავა, დავით გრიშიკაშვილი, ზურაბ აბრამიშვილი, გიორგი დიხამინჯია.
ჩვენს ჯგუფში კიდევ არიან ისლანდია და ბოსნია-ჰერცეგოვინა. მომდევნო მატჩს საქართველო 10 ნოემბერს თბილისში, „თბილისი არენაზე“ ისლანდიასთან ჩაატარებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
მომდევნო ეტაპზე 8 ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის.
დარჩენილი მატჩების განრიგი:
10 ნოემბერი. საქართველო – ისლანდია
12-13 მარტი. საქართველო – ბოსნია
15-16 მარტი. ბოსნია – საქართველო
7-8 მაისი. საქართველო – საბერძნეთი
10-11 მაისი. ისლანდია – საქართველო
GIPHY App Key not set. Please check settings