ბორჯღალოსნებმა რუმინეთს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში შარშანდელის მსგავსად, 43:5 სძლიეს და ფინალში ესპანეთს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, „მიხეილ მესხზე“ 16 მარტს შეერკინებიან.
ეს იყო ამ გუნდების 30-ე დაპირისპირება და საქართველოს მე-20-ე გამარჯვება – მიჯრით მეცხრე! მას შემდეგ, რაც ჩემპიონატში ფინალური თამაშები დაინერგა (2023 წლიდან), ბორჯღალოსნები ზედიზედ მესამედ გავიდნენ გადამწყვეტ მატჩში და ტიტულს მე-17-ედ შეუტევენ.
როგორც წესი, ამ გუნდებს შორის გათამაშდა საზიარო „ანთიმოზ ივერიელის“ სახელობის თასი, რომელიც საქართველომ მე-19-ედ მოიგო.
„ავჭალაზე“ გამართულ მატჩში მასპინძლები სრულად დომინირებდნენ და მისი ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყვიტეს. იყო შანსი, რომ ურთიერთდაპირისპირებებში პირველად გაგვემარჯვა მშრალი ანგარიშით, მაგრამ სტუმრებმა გაწითლებულ დროზე ერთი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხეს.

ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა. მეტოქე წნეხში თავიდანვე მოვაქციეთ, დერეფნიდან მოლით წინ ვერ წავიწიეთ, საქმეში ფორვარდები ჩაერთვნენ, რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა, აკაკი ტაბუცაძემ და დავით ნინიაშვილმა ის კარგად გაითამაშეს და ალამთან ლელო სანდრო თოდუამ მიითვალა. ვეტერანი ბორჯღალოსნისთვის ეს 119-ე თამაშში გატანილი მე-20 ლელოა.
მე-18 წუთზე აკა ტაბუცაძის ჯერი დადგა. მოედნის ცენტრში შესანიშნავად ითამაშა ახალგაზრდა ცენტრმა გიორგი შველიძემ. ის მოკლე მანძილზე სამ მბოჭავს დაუსხლტა და ბურთი გელა აფრასიძეს გაატანა, მან კი ტაბუცაძე მოძებნა და მანაც 50-ე სანაკრებო კეპი 47-ე ლელოთი აღნიშნა, რითაც მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეთა შორის ირლანდიელ ლეგენდა ბრაიან ო’დრისკოლს გაუტოლდა და მასთან მე-9 ადგილს იყოფს.
რიჩარდ ქოქრილის შეგირდებს პრაქტიკულად ყველაფერი გამოსდიოდათ და ტაიმის დარჩენილ 20 წუთში კიდევ სამი ლელო გაიტანეს. 22-ე წუთზე ირაკლი აფციაურმა ფრთაზე ტანკივით იარა და მიზნამდე ცოტა დააკლდა, მაგრამ მას თანაგუნდელები წამოეშველნენ და მიხეილ ბაბუნაშვილის ლელო მატკავამ გარდასახა. სამიოდე წუთში მატკავას ჭკვიანური თამაშის შემდეგ ფრთაზე ტაბუცაძე გაიქცა, 5-მეტრიანთან აფრასიძეს ლელო გაუხერხა და სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა, ხოლო 30-ე წუთზე ხელდახელ შეტევა თორნიკე კახოიძის მეხუთე ლელოთი დასრულდა – 29:0.

მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და მეორე ტაიმში მან ხასიათი დაკარგა. მორიგი ლელო 54-ე წუთზე გავიდა. ვანო კარკაძის შეტევის შემდეგ ბურთი დაიკარგა, მაგრამ იქვე დავიბრუნეთ და გიორგი ახალაძემ თავისი პირველი სანაკრებო ლელო მიითვალა. 66-ე წუთზე გიორგი კვესელაძის ჯერი დადგა, ის 22-ში მბოჭავს დაუსხლტა და რუმინელებს მეშვიდე ლელო გაუტანა. მატკავამ მეორე ტაიმში ორივე გარდასახა, რუმინელებმა კი გაწითლებულ დროზე საბოლოო შედეგი დააფიქსირეს – 43:5.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა მატკავა გახდა.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
(2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი)
თასის ნახევარფინალი. 2 მარტი (კვირა)
თბილისი. ავჭალა. 3000 მაყურებელი
საქართველო – რუმინეთი 43:5 (29:0)
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ბექა გორგაძე (პო).
მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (მონპელიე), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 19. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 20. ბექა შვანგირაძე (ლიონი); 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 22. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 23. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი).
7 ლელო: თოდუა, ტაბუცაძე, ბაბუნაშვილი, აფრასიძე, კახოიძე, ახალაძე, კვესელაძე
4 გარდასახვა: მატკავა

GIPHY App Key not set. Please check settings