in

საქართველომ მსოფლიო გამარჯვებით დაიწყო – 85:60

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი მოიგო – 85:60. ქართული სპორტის ისტორიაში მორიგი ფურცელი ჩაიწერა. სადებიუტო მუნდიალი დავიწყეთ დამაჯერებელი გამარჯვებით და 2023 წლის 26 აგვისტო სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაიწერება ქართული კალათბურთის მემატიანეში.

რასაკვირველია გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, მით უმეტეს მსოფლიო პირველობაზე და მით უმეტეს დიდი სხვაობით, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ გარემოებებიც და უსაფუძვლო ოპტიმიზმს არ მივეცეთ. მოდი, პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს ნაკრებს ჯერ არ ჰქონია საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება – მეტოქე იყო ძალიან სუსტი.

კაბო ვერდეს ნაკრები 32-მონაწილიან მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო გუნდად მიიჩნევა, სხვა შეხვედრებშიც დაფიქსირდა დიდი ანგარიშები და აშკარად ჩანს, რომ მუნდიალი არ არის დაკომპლექტებული მეტ-ნაკლებად თანაბარი გუნდებით. კუნძულელები მთელ რიგ ეპიზოდებში სამოყვარულო გუნდს უფრო ჰგავდნენ, ბოლო-ბოლო იმდენჯერ ააცილეს მიზანს, მთელი წელი ეყოფა საშუალოზე დაბალ გუნდს. თანაც, აცილებასაც ხომ გააჩნია, ბურთი ფარს საერთოდ სცდებოდა. ბურთს მარტივ სიტუაციებში უაზროდ კარგავდნენ და რადგან თამაში არ წაუვიდა მათ აშკარა ლიდერს, მადრიდის „რეალის“ცენტრს ედი ტავარეშს, კაბო ვერდე აღარ იყო საშიში მოწინააღმდეგე.

მოკლედ, მთავარი სათქმელი ისაა, რომ სხვა გუნდი ასეთივე ვითარებაში სულ სხვა შედეგს აჩვენებდა და ბევრად მეტ ქულას დააგროვებდა.

ესეც უნდა ითქვას:
თამაში ისე დაიწყო, რომ ჩვენებმა გვარიანად ინერვიულეს. დაძაბულობა არ აძლევდა კალათბურთელებს საშუალებას იოლი ბურთები ჩაეგდოთ. ხელსაყრელი სიტუაციიდან არაერთი აცილებული ბურთის შემდეგ კაბოვერდელები 8:2 დაწინაურდნენ, რასაც ილიას ზუროსის წუთშესვეება მოჰყვა.
მწვრთნელმა მოედანზე გიორგი ცინცაძეს უხმო, რომელიც ნაკრებში ყველაზე გამოცდილია და ბურთის მიღებისთანავე სამქულიანი ჩააგდო. “ბუმ” იგივე გაიმეორა მალევე, რითაც საბოლოოდ “გახსნა” თამაში. ჩვენი გუნდი წევრებს თითქოს ბორკილები მოეხსნათ: დუდა სანაძემ, თად მაკფადენმა და სანდრო მამუკელაშვილმა სამქულიანების ანგარიში გახსნეს, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და მის ნაცვლად მოედანზე გამოსული გოგა ბითაძე ფარქვეშ გამაგრდნენ. და წავიდა და წავიდა…

ცხადია, არც ჩვენ გუნდს უნდა დავუკარგოთ კარგი თამაში. მეტოქის ვერჩაგდებული ქულები ხომ ჩვენი დაცვის დამსახურებაცაა. აი ბურთი კი ჩვენც ბევრჯერ დავკარგეთ. მეორე ტაიმში (როდესაც შედეგი ეჭვს აღარ იწვევდა) მეტოქემ მცირე მონაკვეთში გვაჯობა კიდეც, 1-2-ჯერ ბურთი ჩაგვიტენეს, ქულებიც დააგროვეს. მეოთხე პერიოდი საერთოდ მოგვიგეს კიდეც.

ჩვენი გუნდიდან მოედანზე ყველა კალათბურთელი გავიდა, გამორჩეული ლიდერი კი არ ყოფილა, თანაბრად და სასარგებლოდ ითამაშეს ჩვენმა ლიდერებმა და გუნდური ქულები უფრო დაფიქსირდა.

საქართველო – კაბო ვერდე 85:60
20:11; 28:11; 22:15; 15:23

შენგელია – 16 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 25:06 წთ
ბითაძე – 15 ქულა, 11 მოხსნა (ორმაგი დუბლი), 3 პასი, 19:56 წთ
სანაძე – 12 ქულა, 2 მოხსნა, 20 წთ
მამუკელაშვილი – 10 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი, 26:01 წთ
შერმადინი – 8 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 20:04 წთ
ცინცაძე – 8 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი, 12:21 წთ
ანდრონიკაშვილი – 7 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი, 23:07 წთ
მაკფადენი – 4 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი, 25:55 წთ
ლიკლიკაძე – 2 ქულა, 1 პასი, 5:15 წთ
ტურძილაძე – 2 ქულა, 4:14 წთ
ბერიშვილი – 1 ქულა, 5:39 წთ
ჯინჭარაძე – 2 მოხსნა, 1 პასი, 12:22 წთ

ასეა თუ ისე, ძალიან მაგარია მსოფლიო ჩემპიონატის დიდი გამარჯვებით დაწყება და ამას ნაკრებსაც ვულოცავთ და გულშემატკივრებსაც. უბრალოდ, ჩვენი გუნდის პოტენციალისა და ქომაგების მოლოდინის გათვალისწინებით კაბო ვერდეს დამარცხება არ იკმარებს. ორშაბათს დონჩიჩის სლოვენია გველოდება და მერე ალბათ გადამწყვეტი თამაში ვენესუელასთან.

მანამდე კი სადებიუტო გამარჯვებით დავტკბეთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბერნაბეუს სახურავის ახალი ფოტოები: სტადიონი შობისთვის უნდა იყოს მზად

უკეთ, ვიდრე ველოდით: ასე უნდა გავაგრძელოთ – ზუროსი