საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბუქარესტში რუმინეთის ნაკრები უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში 26:23 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი ადგილი გაინაღდა.
ბოლო შეხვედრაში ესპანეთთან ნებისმიერი შედეგის დაფიქსირების მიუხედავად, “ბორჯღალოსნებს” შესარჩევში პირველ ადგილს ვერავინ შეეცილება და შესაბამისად საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ევროპა 1-ის სტატუსით გავიდა და მთავარ ტურნირზე უკვე ჩვენი გუნდის მეტოქეების ვინაობაც ცნობილია.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში იასპარეზებს, რომელშიც ჩვენი გუნდის მეტოქეები: უელსი, ავსტრალია, ფიჯი და კვალიფიკაციის გამარჯვებული იქნება.
უკვე, ცნობილია “ბორჯღალოსნების” კალენდარიც და ისიც თუ რომელ სტადიონებზე ჩაატარებენ ისინი მატჩებს.
საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს პარიზის “სტად დე ფრანსზე” 9 სექტემბერს ავსტრალიის წინააღმდეგ შეხვედრით დაიწყებენ.
23 სექტემბერს ტულუზში კვალიფიკაციის გამარჯვებულს ვეთამაშებით.
30 სექტემბერს ბორდოში საქართველოს ნაკრები ფიჯის ეთამაშება. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას კი, საქართველოს ნაკრები 7 ოქტომბერს უელსის ნაკრების წინააღმდეგ ნანტში გამართული შეხვედრით დაასრულებს.
მანამდე კი, 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 20 მარტს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings