საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მატჩი მონტენეგროსთან ითამაშა და 9:10 დამარცხდა.
ორივე გუნდი უკვე გასულია პლეი-ოფში, გასარკვევი იყო რომელი დაიკავებდა მეორე ადგილს. ჯგუფის პირველადგილოსანი პირდაპირ გადის მეოთხედფინალში, ხოლო მეორე-მესამეადგილოსნები მეოთხედფინალში გამსვლელ პლეი-ოფს ითამაშებენ. ჩვენი ჯგუფის მეორე გუნდი B ჯგუფის მესამეადგილოსანს შეხვდება. დიდი ალბათობით იაპონია. ჩვენგან მესამე B ჯგუფის მეორეს დაუპირისპირდება – ან ხორვატიას ან საბერძნეთს.
მოკლედ, შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც შეხვედრამაც დაადასტურაა. დაძაბული თამაში გამოვიდა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.
პირველი მეოთხედი ჩვენმა გუნდმა ვერ ითამაშა სათანადოდ – 1:4.
მეორე პერიოდში კარგი დაცვისა და, პირველ რიგში, მეკარე შუბლაძის ეფექტიანი თამაშის წყალობით გოლი აღარა გავუშვით, იქით სამი გავიტანეთ და პირველი ტაიმის შემდეგ უკვე 4:4 იყო.
მესამე რაუნდში მონტენეგრო 7:4 დაწინაურდა, თუმცა სხვაობის მინიმუმამდე შემცირება მოვახერხეთ – 7:8.
მეოთხე პერიოდი თანაბარი გამოვიდა. ორივე გუნდს ბევრი კარგი შანსი მიეცა, რომელთაგან მონტენეგრომ ერთით მეტი გამოიყენა და 10:9 მოიგო.
შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა ტურნირის პირველი მატჩი ბრაზილიას მოუგო – 14:10.
საქართველო 25 ივნისს მასპინძელ უნგრეთს შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings