in

საქართველომ მოიგო და ევროპაზე კარგ ხასიათზე მიდის

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ საკონტროლო მატჩი გამართა და მშვენიერ ხასიათზეც დადგა – 3:1 მოუგო მონტენეგროს სტუმრად.

გამარჯვება თავისთავად კარგია, მით უმეტეს, ასეთ ვითარებაში ეს ჩვენს გუნდს კიდევ მეტ თავდაჯერებას შემატებს.

მონტენეგრო – საქართველო 1:3
09.06. პოდგორიცა. “პოდ გორიკომი”. 3 500 მაყურებელი
გოლები: 0:1 კიტეიშვილი (10. გველესიანის პასით), 0:2 მიქაუტაძე (33. კვარაცხელიას პასით), 1:2 იოვეტიჩი (66. მუგოშას პასით), 1:3 ზივზივაძე (84)

საქართველო: მამარდაშვილი – გველესიანი, კაშია, დვალი – კაკაბაძე, ქოჩორაშვილი (80. მექვაბიშვილი), კიტეიშვილი (50. კვეკვესკირი), ჩაკვეტაძე (67. ალთუნაშვილი), შენგელია (67. წიტაიშვილი) – კვარაცხელია (80. დავითაშვილი), მიქაუტაძე (80. ზივზივაძე)

სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი – გოჩოლეიშვილი, ქვილითაია, ლობჟანიძე, სიგუა, ტაბიძე
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
გაფრთხილება: მ. ვუკჩევიჩი (28)

როგორ ითამაშა საქართველომ? საერთო ჯამში, ეს შეხვედრა დადებითად უნდა შეფასდეს. თამაშს კიდევ უკეთ სამწვრთნელო შტაბი შეაფასებს, თუმცა გამოჩნდა როგორც კარგი ეპიზოდები, ასევე ის, რომ უფრო მაღალი კლასის გუნდთან ცოტა მეტად გაჭირდება. უფრო სწრაფი, მოხერხებული მეტოქეების დაჭერა, რომლებიც პოზიციებს შეცვლიან, გაეხსნებიან, იმოძრავებენ, მარტივი არ იქნება.

მეორე ნახევარში ჩვენებმა მეტოქეს ბურთი დაუთმეს და კონტრშეტევებზე სახიფათო მომენტები შექმნეს. ალბათ ეს იქნებ ჩვენი ძირითადი ტაქტიკა ევროზეც. გომოჩნდა, რომ გაქცევის იმედად შეგვიძლია ყოფნა – ეს მიქაუტაძესაც შეუძლია, დავითაშვილმაც აჩვენა იგივე თვისება, პლუს ფლანგის ფეხბურთელების ჩართულობა და კვარაცხელიას ხომ თავისთავად შეუძლია და შეუძლია.

რადგან ზურიკო და ხვიჩა ვახსენეთ, ბარემ ვთქვათ, რომ ის, რაც მონტენეგროსთან გააკეთეს, ასეთი რამ ევროპის ჩემპიონატზე კი არა, ზოგადად დაუშვებელია: სკოლის ეზოში ხომ არ ვთამაშობთ, ე.წ. „ღორობა“ და პასის არმიცემა, როდესაც პარტნიორი 100%-იან გოლს იტანს… მოდი, ეს ამხანაგურ თამაშს დავაბრალოთ…

გოლები კი მშვენიერი გამოგვივიდა: პირველი სტანდარტულიდან, კუთხურიდან თავით ბურთი გველესიანმა მოიგო და კიტეიშვილმა ახლო მანძილიდან შეაგდო; მეორე კლასის ხარჯზე, კვარაცხელიამ მოხდენილად შეუცურა საჯარიმოში ბურთი მიქაუტაძეს და მესამე დავითაშვილის სოლორეიდი, რომელიც ფაქტობრივად პენალტით დასრულდა, მაგრამ იქვე მყოფმა ბუდუმ გააგრძელა შეტევა და ბურთი კარში ჩასვა.

ვილი სანიოლმა მაინც ძირითადი შემადგენლობა დააყენა და ალბათ რთული არ იქნება ჩვენი გუნდის თერთმეტეულის გამოცნობა. აქ უბრალოდ დებიუტანტ გველესიანის საკითხია. თუ საბა კვირკველია მწყობრში იქნება, სავარაუდოდ მაინც გამოცვდილ მცველს ენდობა თავიდან.

საქართველოს ნაკრებმა ბევრჯერ დაარტყა კარში, ითამაშა კონტრშეტევაზე, გამოსცადა სტანდარტულები, გამოიყენა ფლანგები, დაცვამ ნახა რაზე აქვს სამუშაო… მოკლედ, ეს სპარინგი შედგა.

ახლა მთავარია ჩანაფიქრი ევროპაზეც შედგეს…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შეუძლებელი არაფერია, ვეცდებით ჯგუფიდან გავიდეთ: ფეხბურთელების კომენტარები

ეს გამარჯვება მომდევნო მატჩებისთვის ბევრს ნიშნავს: ვილი სანიოლი