in

საქართველომ ისრაელთან სპარინგი წააგო

ევრობასკეტისთვის მზადების დაწყებიდან მე-10 დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პირველი სპარინგ მატჩი გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდის მეტოქე ისრაელის ეროვნული ნაკრები გახლდათ, რომელიც ასევე ევრობასკეტისთვის ემზადება და ლატვიაში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს დახურულ, ვარჯიშის ტიპის მატჩში დაუპირისპირდა.

შეხვედრა ისრაელის ნაკრების გამარჯვებით – 76:66 დასრულდა, თუმცა შედეგზე მეტად ამ მატჩს სხვა მნიშვნელობა უფრო ჰქონდა. მწვრთნელებს უნდა ენახათ იმ 10-დღიანი მზადების შედეგი, რაც შეკრების დაწყებიდან ნაკრებმა იურმალაში გაიარა. პლუს ამას, ისრაელის მძლავრ ნაკრებთან დაპირისპირება საუკეთესო საშუალება იყო იმ ხარვეზების დასანახად, რაზე მუშაობაც სამწვრთნელო შტაბს ევრობასკეტამდე დარჩენილ პერიოდში მართებს.

სამწუხარო გახლდათ ის, რომ ჩვენმა გუნდმა 2 წამყვანი მოთამაშის გარეშე ითამაშა. საქართველოს ნაკრებს ჯერ არ შეერთებია სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც ამერიკაშია და თავის ახალი კლუბის, ტორონტო რეპტპრსის საზაფხულო კემპში კლუბის ახალბედებთან ერთად იღებს მონაწილეობას. შეკრებაზეა, ვარჯიშობს და პრევენციის მიზნით ისრაელთან არ ითამაშა კამარ ბოლდუინმა, რომელსაც ტრავმის მორჩენის შემდეგ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი დეტალური სამედიცინო გამოკვლევა არ ჩაუტარებია. ის ნაკრებთან შეკრების პირველივე დღიდანაა და ვარჯიში არ გამოუტოვებია, თუმცა მოედანზე სათამაშოდ მაშინ გავა, როცა გამოკვლევის შემდეგ ექიმები მწვანე შუქს აუნთებენ.

განაცხადში 14 მოთამაშე იყო, რომელთაგან სამმა – ილია ლონდარიძემ, გიორგი სულაბერიძემ და ლუკა მაზიაშვილმა არ ითამაშეს. დანარჩენებს სათამაშო დრო მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაუნაწილდა. მწვრთნელმა არაერთხელ შეცვალა მთლიანი ხუთეული, რაც იმის მანიშნებელია, რომ წინასწარ განსაზღვრული გეგმით თამაშობდა და არა სიტუაციიდან გამომდინარე, შედეგზე იყო ორიენტირებული. ებრაელებმა მხოლოდ მესამე პერიოდში დაგვჩაგეს, რომელიც 34:16 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის არსებული 3-ქულიანი უპირატესობა 23-ამდე გაზარდეს.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო პერიოდში ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა და თამაშის მოგებაც რეალური იყო, თუმცა მწვრთნელმა მოედანზე აღარ დააბრუნა ჩვენი გუნდის ამ მატჩში ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები – თორნიკე შენგელია და არც გიორგი შერმადინი. ალეკსანდარ ჯიკიჩი ერთგული დარჩა იმ სათამაშო სქემის, რომელიც გათვლილი იყო არა შედეგზე, არამედ მოთამაშეთა შესაძლებლობებისა და ერთმანეთში შეთამაშების გარკვევაზე.

ჩვენიანთაგან 10-ქულიან ზღვარს ოთხმა კალათბურთელმა უწია. გიორგი შერმადინმა 13 ქულა მიითვალა. თორნიკე შენგელიამ 12 ქულა და 8 მოხსნა, ბექა ბურჯანაძემ 12 ქულა და 4 მოხნა, გოგა ბითაძემ 10 ქულა და 8 მოხსნა. 6 ქულა ჰქონდა ალექსანდრე ფევაძეს, კახა ჯინჭარაძემ კი 4 ქულას 8 მოხსნაც მოაყოლა.

საქართველოს ნაკრები შეკრებას იურმალაში განაგრძობს, სადაც 7 აგვისტოს ესტონეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გულიაშვილის დრამა, უკრაინის სტარტი და ასისტები: ლეგიონერები

მამარდას დებიუტი ენფილდზე: ორი გაშვებული, ერთი სუპერსეივი და ახდენილი ოცნება