საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სტუმრად, როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთთან დამარცხდა – 61:90.
შეხვედრა ტენერიფეზე გაიმართა, სადაც შვიდი წელია გიორგი შერმადინი თამაშობს. ადგილობრივმა გულშემატკივარმა ჩვენიანს თბილი დახვედრა მოუწყო, მით უმეტეს, რომ გიორგიმ ბოლო სანაკრებო მატჩი ჩაატარა.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, სანაძე, ფევაძე, შენგელია, შერმადინი.
აღსანიშნავია, რომ იყო მომენტი, როდესაც საქართველო 10 ქულით გავიდა წინ – 18:8.
თუმცა მასპინძლებმა პირველ ტაიმში 8 სამიანი ჩააგდეს და შესვენებაზე დიდი უპირატესობით გავიდნენ – 47:33.
დიდი შესვენების შემდეგ ესპანეთმა უპირატესობა გაზარდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებიდან 10-10 ქულა ხატიაშვილმა და შენგელიამ (7 მოხსნა) ჩააგდეს, 8 შერმადინმა (6 მოხსნა), 7 დ. სანაძემ, 6 კორსანტიამ, 5 მაკფადენმა, 4-4 ანდრონიკაშვილმა და ტურძილაძემ, 3 ბურჯანაძემ, 2-2 კი ფევაძემ და ს. სანაძემ.


ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში უკრაინის ნაკრებმა შინ დანია დაამარცხა – 88:71.
ორი ტურის შემდეგ ორ-ორი მოგება აქვთ ესპანეთსა და უკრაინას, საქართველოსა და დანიას კი არცერთი.
რადგან ჯგუფიდან სამი გუნდი გადის, გადამწყვეტი იქნება თებერვალი, როდესაც 27 თებერვალს სტუმრად და 2 მარტს თბილისში დანიას შევხვდებით.



GIPHY App Key not set. Please check settings