in

საქართველომ ევროპა ჩემპიონის განადგურებით დაიწყო: ესპანეთს მოვუგეთ – 83:69

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი სენსაციით დაიწყო: 14 ქულით დავამარცხეთ მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები – 83:69 (20:17, 17:18, 20:14, 26:20).

ეს ნამდვილად ისტორიული გამარჯვებაა!

ჩვენმა გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე ყველა თამაში წააგო და რაიმე განსაკუთრებულიც არ უჩვენებია. შესაბამისად, დიდი მოლოდინი, მით უმეტეს ესპანეთთან არ გვქონია, თუმცა თამაშმა სრულიად საპირისპირო აჩვენა.

შესანიშნავი იყო ჩვენი გუნდი დაცვაში, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ესპანელებმა 70 ქულაც ვერ ჩაგვიგდეს. გააზრებული თამაში, კარგად გადანაწილებული სათამაშო წუთები კალათბურთელებზე, მოტივირებული გუნდი საკმარისი აღმოჩნდა პირველი სენსაციისთვის.

თორნიკე შენგელიას თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ კაპიტანმა დაახლოებით 20 წუთი ითამაშა. სასტარტო ხუთეული ასეთი იყო: ბოლდუინი, სანაძე, მამუკელაშვილი, შენგელია, ბითაძე.

დაცვაშიც და შეტევაშიც კარგად დავიწყეთ და პირველი მეოთხედი 20:17 მოვიგეთ.
იყო მომენტი ჩენი გუნდი 10 ქულითაც დაწინაურდა – 19:9.

ინიციატივა არც მეორე მეოთხედში დავთმეთ, ბითაძისა და მამუკელაშვილის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, საქართველომა მოქმედ ევროპის ჩემპიონს პირველი ტაიმი მინიმალურად მოუგო – 37:35.

მეორე ტაიმში კიდევ უკეთესები ვიყავით. მართალია ერთ მომენტში 10-ქულიანი უპირატესობა სულ რაღაც სამ ქულამდე ჩამოვიყვანეთ, მაგრამ ამის შემდეგ სხვაობა სულ უფრო იზრდებოდა და ტიტულიანი მეტოქე მადლობელიც კი უნდა დარჩეს, 20 ქულით რომ არ წააგო.

ბოლო მეოთხედში შეუდარებელი იყო ბითაძე, ბურჯანაძემ ერთ-ორ ეპიზოდში სასიცოცხლო მნიშვნელობის ჩააგდო, შენგელია თავის საქმეს აკეთებდა, ხოლო მამუკელაშვილი უბრალოდ საუკეთესო იყო – 19 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი.
ბითაძემ 15 ქულა, 5 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.
თორნიკე შენგელიამ 20 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მაგრამ ეს იყო არა ინდივიდუალური, არამედ გუნდური გუნდი და მოგებაც სწორედ ამის დამსახურებაა.

ყოჩაღ ბიჭებო და მადლობა!

საქართველოს ნაკრები ჯგუფის მეორე მატჩს 30 აგვისტოს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იამალი მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდაა