საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მესამე შეხვედრაში ბოსნია-ჰერცეგოვინას დაძაბულ ბრძოლაში მოუგო – 22:19 და ევროპირველობაზე ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე მეკარე ზურაბ ცინცაძე გახდა, გიორგი ცხოვრებაძემ კი 7 გოლი გაიტანა.
ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში ჩვენმა გუნდმა ნიდერლანდებთან 29:34 წააგო, მეორე შეხვედრაში კი ტურნირის მოქმედ ჩემპიონთან, შვედეთის ნაკრებთან 26:42 დამარცხდა.
საქართველო – ბოსნია-ჰერცეგოვინა 22:19 (9:9)
საქართველო: ცინცაძე, ნიქაბაძე, ცხოვრებაძე (7), დიხამინჯია (5), კბილაშვილი (3), ორჯონიკიძე (3), არსენაშვილი (3), რუსტამოვი (1), ლაპიაშვილი, არეშიძე, გოგოლაძე, დარსანია, გოგავა, აბრამიშვილი, გავაშელიშვილი, სიმონია
მე-17 წუთისთვის ბოსნიელები 6 ბურთით გავიდნენ წინ – 8:2. თუმცა ჩვენმა გუნდმა ოსტატობასთან ერთად მტკიცე ხასიათიც გამოაჩინა. ხარვეზები მალევე გამოასწორეს და ექვს წუთში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს. პირველი ტაიმის დასრულებამდე წამით ადრე კი წონასწორობა აღდგა – 9:9.
მთავარი მეორე ტაიმში მოხდა: 37-ე წუთზე, როდესაც ბოსნიელები ორი ბურთით წინ იყვნენ (13:11), მარკო პანიჩი პენალტის ხაზზე დადგა, მაგრამ მისი ზედიზედ ოთხი ტყორცნა ზურაბ ცინცაძემ მოიგერია. 51-ე წუთზე ჩვენმა მეკარემ საკუთარი საჯარიმო დატოვა, ბოსნიელთა გადაცემა ჩაჭრა, მოედნის ცენტრი გადაკვეთა და ბურთი შესანიშნავ პოზიციაში მყოფ დიხამინჯიას მიაწოდა. მანაც შეაგდო და საქართველოს დაწინაურდა – 18:16.
ამის შემდეგ მეტოქეებმა 8 წუთის განმავლობაში სამ-სამი გოლი გაცვალეს (21:19). საფინალო სასტვენამდე ორი წამით ადრე კი ცხოვრებაძემ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა – 22:19.
ისტორიული გამარჯვება შედგა!
GIPHY App Key not set. Please check settings