“ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ” (IFFHS) 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელები დაასახელა, სადაც ვილი სანიოლმა მე-9 ადგილი დაიკავა…
კარიერის სტარტი
დევიდ ფრედერიკ (ნამდვილი სახელი) სანიოლი 1977 წლის 18 მარტს, სენტ-ეტიენში დაიბადა. ვილი ფრანგს ნიდერლანდელი ფეხბურთელისგან, ვილი ვან დერ კერჰოფისგან ეწოდა, რომელიც 70-იან წლებში მუნდიალის ფინალში ორჯერ დამარცხდა.
სანიოლმა კარიერა მონფიკონში (1207 მცხოვრები), “ოტ-ლუარში” დაიწყო, სადაც მამამისი, ჯეკი მოღვაწეობდა. ვილი იქ როგორც მარჯვენა მცველად, ასევე ნახევარმცველად თამაშობდა. ამას რეგიონის ფლაგმან კლუბში, “სენტ ეტიენში” გადასვლა მოჰყვა, რომელიც საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე
ტიტულოვანია (ამჟამად ზურიკო დავითაშვილის გუნდი).
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა “სტ. ეტიენში” ორი შთამბეჭდავი სეზონი გაატარა და 1997 წელს “მონაკოში” გადავიდა. ვილის პირველი სერიოზული წარმატება 2000 წელს, მონაკოელებთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა იყო.
“ჩემი ბავშვობის ოცნებები ფეხბურთს არ უკავშირდებოდა, ძალიან მინდოდა, პოლიციის ოფიცერი ვყოფილიყავი” – გაიხსენა ვილიმ 2006 წელს.
“ბაიერნი”
სანიოლის პროგრესი აშკარა გახდა. ის მიუნხენის “ბაიერნში” წავიდა, სადაც მეგობარი ბიქსენტ ლიზარაზუ ელოდებოდა. ვილიმ აქ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური მცველის რეპუტაცია მიიღო, გერმანიის ჩემპიონობა ხუთჯერ იზეიმა და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. მიუნხენელებმა გადამწყვეტ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების ექსდამრიგებლის, ექტორ რაულ კუპერის “ვალენსიას” პენალტების სერიაში აჯობეს. სანიოლი პირველი ტაიმის მერე იანკერმა შეცვალა. “ბაიერნს” თამაშის გადარჩენა სჭირდებოდა.
ამ პერიოდში ვილიმ მინდორზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა გაიცნო. კობიშვილთან და იაშვილთან ურთიერთობას საფუძველი სწორედ აქ ჩაეყარა.
“ბაიერნი” ჩვენი წერილის გმირის ბოლო გუნდი იყო. აქილევსის მყესთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2009 წლის პირველ თებერვალს იძულებული გახდა, კარიერა დაესრულებინა.
სანაკრებო კრიზისი
ვილი სანიოლი ნაკრებში იმ პერიოდში თამაშობდა, როცა ფრანგებს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ზედიზედ მოგების შემდეგ კრიზისი ედგათ. ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი 2000 წლის 15 ნოემბერს, თურქეთში შედგა. თავდაპირველად, მას სათადარიგოთა სკამზე ყოფნა უწევდა, რადგან მარჯვენა მცველის პოზიციაზე ლეგენდარული ლილიან ტურამი თამაშობდა.
ვილის 1997 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული. მოქმედი გამარჯვებული ფრანგები 2002 წელს მსოფლიო თასის ჯგუფში ჩარჩნენ. სენეგალთან გახსნით მატჩში წაგება მართლაც დიდი სენსაცია იყო. საფრანგეთის ნაკრებმა წარმატებას ვერც 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია, სადაც საბერძნეთის ნაკრებმა გაიმარჯვა. ვილი სანიოლი და მისი ვარსკვლავური თანაგუნდელები საკუთარ შანსს ელოდნენ…
ტიტულები
2001 და 2003 წლებში ფრანგებმა კონფედერაციათა თასი, რომელიც ახლა აღარ ტარდება, ორჯერ მოიგეს. აქ სხვადასხვა კონტინენტის ჩემპიონები და მსოფლიო ჩემპიონი (მასპინძელთან ერთად) ასპარეზობდნენ. ფეხბურთელის უეცარი სიკვდილის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა 2003 წლის ზაფხულში მოხდა. მაშინ საფრანგეთში სწორედ კონფედერაციათა თასი იმართებოდა. ნახევარფინალში კამერუნის ნაკრები კოლუმბიასთან თამაშობდა. მარკ-ვივიენ ფოე, რომელიც აფრიკაში თავის თაობაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ მიიჩნეოდა, მოულოდნელად, მინდორზე დაეცა…
2003 წლის კონფედერაციის თასზე ვილი სანიოლი ჯგუფური ეტაპის მატჩში, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ, 90-ე წუთზე გააძევეს. ის დაბრუნდა, ფინალშიც ითამაშა და ეს ტურნირი ზედიზედ მეორედაც მოიგო.
ვილის მთავარი სანაკრებო იმედგაცრუება 2006 წელს უკავშირდება. იტალიასთან ფინალი, ზიდანის ინციდენტი მატერაცისთან და პენალტების სერიაში დამარცხებული ფრანგები – მათ მხოლოდ ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანაკრებო კარიერა 2008 წელს, ნიდერლანდებთან დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ დაასრულა. “სიკვდილის ჯგუფში” მყოფმა “მამლებმა” აუტსაიდერ რუმინეთსაც კი ვერ აჯობა.
გაბრაზება ზიდანთან…
ვილი სანიოლმა ზიდანის გაძევება და მარცხი ძალიან მძიმედ განიცადა. “სააბაზანოში შევედი და 10 წუთში 250 ღერი სიგარეტი მოვწიე. ამის შემდეგ ზიდანთან 2 წელი არ მილაპარაკია. 2008 წელს ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ ზიზუ დამეპატიჟებინა. დავურეკე, ერთად ვისაუზმეთ და კარგი საუბარი გვქონდა” – იხსენებს ვილი.
სამწვრთნელო კარიერა და სკანდალი
სანიოლი საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებს თავკაცობდა, ასევე, საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. ვილი 2014-16 წლებში “ბორდოს” ხელმძღვანელობდა. აქ მისმა ნათქვამმა, რომელიც ბევრმა არასწორად გაიგო, სკანდალური სახე მიიღო და რასიზმის კვალიფიკაციად ჩათვალეს.
ვილი “ბაიერნს” კარლო ანჩელოტის ასისტენტის რანგში დაუბრუნდა, იტალიელის გუნდიდან წასვლის შემდეგ კი მცირე ხნით მთავარი მწვრთნელის მოვალეობასაც ასრულებდა. ამის შემდეგ ვილის სამწვრთნელო შესვენების აღება პირადი პრობლემების გამო მოუხდა, რასაც საქართველოს ნაკრები და ჯერჯერობით მთავარი წარმატება, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლა მოჰყვა.
ოჯახი
სანიოლს 4 შვილი ჰყავს, ორი ლეტიცია რუსელთან და ორი ამჟამინდელ მეუღლესთან, შარლოტა-გვენდოლინთან.
სანიოლის ფოტო შვილებთან ერთად მისი კარიერის განმავლობაში გვინახავს, როცა ამა თუ იმ გამარჯვებას ოჯახთან ერთად ზეიმობდა. ცოტა ხნის წინ ვილის შვილის, სემის კომენტარი ვნახეთ, რომელმაც თქვა, რომ მამის ცრემლები პირველად იხილა. ფოტოებიდან ვიგებთ, რომ ვილის შვილი მადრიდის “რეალის” გულშემატკივარია.
დაბოლოს, სანიოლის ოცნების გუნდსაც წარმოგიდგენთ:
კანი; ლამი, ტურამი, კუფური, ლიზარაზუ; მაკელელე, ვიეირა, ეფენბერგი, ზიდანი; ელბერი, ანრი.
Sportall.Ge
GIPHY App Key not set. Please check settings