in

სანიოლის ხელმძღვანელობით ევრო 2024-ზე ითამაშებს პატარა ქვეყანა…

ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტ საქართველოს ნაკრებზე წერილი, „ევრო 2024, საქართველო“ გამოაქვეყნა.

გუნდის პროფილი – საქართველომ თავისი სტილი იპოვა

მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა, ვილი სანიოლმა გუნდი განაახლა. საწყის ეტაპზე სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ცხრა მატჩში შვიდი მარცხი განიცადა. თუმცა, შედეგის მიუხედავად, იყო იმედის მომცემი თამაშებიც – შვედეთთან (0:1), ესპანეთთან (1:2) და საბერძნეთთან (1:1). ამის შემდეგ ფრანგმა გუნდს გასაღები მოარგო და წაუგებლად ჩაატარა 11 მატჩი, საქართველოს ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგაში მოიგო C ლიგის ჯგუფური ეტაპი და B ლიგაში დაწინაურდა.

სწორედ ამის წყალობით მიიღო საქართველომ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში თამაშის უფლება, სადაც ნახევარფინალში ლუქსემბურგთან (2:0) მოგების შემდეგ, ფინალში საბერძნეთს (0:0, პენალტებში – 4:2) აჯობა.

„ბორდოს“ ყოფილმა მწვრთნელმა ძირითად სათამაშო სისტემად 3-5-2 აირჩია, სადაც მთავარი კონტრშეტევებზე სწრაფად გადასვლა და ფლანგებზე ეფექტური თამაშია. მას შეუძლია სამი ძლიერი და შრომისმოყვარე ნახევარმცველის იმედი ჰქონდეს – გიორგი ქოჩორაშვილს (24 წლის, „ლევანტე“), გიორგი ჩაკვეტაძესა (24, „უოტფორდი“) და ოთარ კიტეიშვილს (28, „შტურმი“) საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვაში მთავარი როლი ეკისრებათ.

დაცვის ხაზის ლიდერად რჩება 36 წლის კაპიტანი გურამ კაშია. „ვალენსიის“ 23 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებიდან, რომლებიც ვილიმ ძირითად შემადგენლობაში დააწინაურა და დაეყრდნო. სანიოლის გუნდის საკვანძო მოთამაშეები არიან „ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია (23) და „მეცის“ ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე (23) – სწორედ მათზე დაყრდნობით შეეცადა ფრანგი სპეციალისტი კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას.

ვილი სანიოლის გამოწვევა

„ბორდოდან“ წასვლიდან ხუთი წლის შემდეგ, 47 წლის სპეციალისტი საქართველოს ნაკრების სათავეში 2021 წლის თებერვალში დაინიშნა. სენტ ეტიენის მკვიდრმა მცირე ხანი გაატარა „ბაიერნში“, სადაც ოთხი თვის განმავლობაში კარლო ანჩელოტის ასისტენტი იყო, 2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში კი მიუნხენელებს ერთ მატჩში უხელმძღვანელა.

ვილი სანიოლის ეპოქის ბუნდესლიგის ორმა ყოფილმა მოთამაშემ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და მისმა მარჯვენა ხელმა, ალექსანდრე იაშვილმა ფრანგი დააინტერესეს და ის დიდ ფეხბურთში დააბრუნეს.

„მათთან საუბარმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. დამპირდნენ, რომ ჩემი იდეების განსახორციელებლად დროს მომცემდნენ. ეს პროექტი უჩვეულო იყო, სწორედ ისეთი, როგორსაც ვეძებდი“, – აღიარა 2006 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი (58 მატჩი) არ იცნობდა ამ ქვეყანას, მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი, როდესაც 2006 წლის სექტემბერში საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში საქართველოს წინააღმდეგ (3:0) ითამაშა. დანიშვნისთანავე სანიოლი ახალ გამოწვევაში ჩაეფლო და წელიწადში შვიდ თვეს თბილისში ატარებდა.

ის ესწრებოდა ადგილობრივი ჩემპიონატის მატჩებს და მოგზაურობდა ევროპაში ქართველი ლეგიონერების შესაძლებლობების შესაფასებლად. ჩამოსვლიდან სამი წლის შემდეგ სანიოლის ხელმძღვანელობით ევრო 2024-ზე თამაშის უფლება მოიპოვა პატარა ქვეყანამ, სადაც ოთხ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშე გახდება პირველი ფრანგი მწვრთნელი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე სხვა ქვეყნის ეროვნულ გუნდს უხელმძღვანელებს.

მოთამაშე – ხვიჩა კვარაცხელია

„ნაპოლის“ ვარსკვლავი ქართველების გმირი და ამ ქვეყნის სპორტის სიმბოლოა ქართულ-ესპანური მოქალაქეობის მქონე MMA-ის ვარსკვლავთან, ილია თოფურიასთან ერთად. კვარაცხელიას მოგზაურობა სიმბოლოა მისი მრავალი თანაგუნდელის კარიერისა, რომლებიც ძალიან პატარა ასაკში იძულებულნი გახდნენ, უცხო ქვეყანაში საკუთარი თავის დასამკვიდრებლად წასულიყვნენ.

ხვიჩამ „დინამო თბილისში“ ვარჯიშის შემდეგ, სადებიუტო მატჩი 16 წლის ასაკში (5 მატჩი) ჩაატარა. მარცხენა გარემარბი მალე გადავიდა „რუსთავში“, შემდეგ კი – რუსეთში, სადაც ორჯერ ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს.

პუტინის რეჟიმის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა (11 მატჩი, 8 გოლი). ამ პერიოდში „ნაპოლი“ მას უკვე აკვირდებოდა, 2022 წლის ზაფხულში კი 10 მილიონი ევრო გადაიხადა და კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე გაუფორმა. „კვარა“ სერია A-ში აფეთქდა – პირველივე სეზონში იტალიის ჩემპიონი, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გახდა (ყველა ტურნირზე 48 მატჩი, 16 გოლი, 18 საგოლე გადაცემა), France Football-ის მიერ დაწესებული ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ 2023 წლის ნომინანტებს შორის კი მე-17 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრებში გამოძახებული 26 „ჯვაროსანი“ 17 სხვადასხვა ქვეყანაში თამაშობს. ევროპის გარდა, საქართველოს ფეხბურთელები ჰყავს ირანში, აშშ-სა და საუდის არაბეთში. ნაკრებში ადგილობრივი ჩემპიონატიდან მხოლოდ ორი მოთამაშეა – „დინამო თბილისის“ მეკარე გიორგი ლორია და ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი“, – წერს ფრანგული გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახლა ვაცნობიერებთ სად ვართ…

მამადუ სახო შეთანხმებულია: ფრანგი დღეს მოდის და ხვალ ტორპედოსთან ხელს მოაწერს