სანდრო ალთუნაშვილმა, შესაძლოა, სეზონის შემდეგ „ვოლფსბერგერი“ დატოვის – ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და ავსტრის ბუნდესლიგის მეორეადგილოსანი გუნდის ნახევარმცველმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„ტრავმა არ მაქვს, ფიზიკურადაც თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ბოლო ტურებში უთამაშებლობის მიზეზის დასახელება მიჭირს. მწვრთნელმა ჯერ ლეგიონერების ლიმიტი მოიმიზეზა. ზამთარში წასვლის შანსი მქონდა, მაგრამ არ გამიშვეს, გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარო. ამის ფონზე მწვრთნელის დამოკიდებულება მიკვირს.
„ვოფსბერგერთან“ კონტრაქტი ზაფხულში მიმთავრდება და ამ ეტაპზე გახანგრძლივებას აღარ ვაპირებ. თუ ახალი მწვრთნელი მოვა, დავფიქრდები, ამჟამინდელთან კი მუშაობა არ მსურს და, დიდი ალბათობით, გუნდს დავტოვებ. სად ვითამაშებ, ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, მაგრამ პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა.
დაინტერესებულ გუნდებთან მოლაპარაკებას მენეჯერები აწარმოებენ და ყველაფერი ზაფხულში გაირკვევა. მსურველთა შორის ავსტრიის ბუნდესლიგის გუნდებიც არიან და, შესაძლოა, ისევ აქ დავრჩე. თუმცა ჯერ ზუსტად არაფრის თქმა არ შემიძლია“, – განაცხადა სანდრო ალთუნაშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings