in

სანამ ახალი სქემა იმუშავებს: საქართველომ ალბანეთთან სხვანაირად წააგო

საქართველოს ოქტომბერი არ გამოუვიდა: ერთა ლიგაზე ზედიზედ ორი მატჩი წააგო – ახლა შინ ალბანეთთან – 0:1. ამ ორ შეხვედრაში გოლიც კი ვერ გავიტანეთ.

ვილი სანიოლმა ახალი სქემა მოიფიქრა. ქოჩორაშვილის არყოფნამ თამამი ექსპერიმენტისკენ უბიძგა. და გადააჭარბა. მართალია თავად ქოჩორას ნაცვლად თუნდაც უფრო შემტევი დავითაშვილის გამოყვანა საშინაო შეხვედრაში უპრიანი იქნებოდა, მაგრამ ეს არ იკმარა და მცველის ნაცვლად (გველესიანი) თავდამსხმელი (ბუდუ ზივზივაძე) დაამატა. შედეგად მივიღეთ ძალიან შემტევი შემადგენლობა.

რა გამოიწვია ამან?
სანამ ახალი სქემა ამუშავდება და მოქმედებაში მოვა, გარკვეული პრაქტიკა სჭირდება. ასე უცებ, ხელის მოსმით რთულია შედეგის მიღება.
ეს ამდენი შემტევი, ერთად და მიუჩვევლად, ცოტა არ იყოს და ჩაიკარგნენ. შესაბამისად, დაკარგეს ეფექტიანობა. ხან ჩაკვეტაძემ არ იცოდა სად ემოქმედა, ზივზივაძე ეპიზოდურად საერთოდ არ ჩანდა, მიქაუტაძეც ასევე ეპიზოდურად თუ შეგვახსენებდა თავს.

შეიზღუდა სივრცეები და მეტი სილაღის მოყვარული ქართველი ფეხბურთელები კომფორტულად აღარ იყვნენ.

მასიური შეტევებისას ბურთი უფრო ხშირად მცველებს ჰქონდათ და ისინი იწყებდნენ შეტევებს, ვიდრე ამდენი შემტევი. თუნდაც იმის მიუხედავად, რომ მოძრაობდნენ და ხშირად ცვლიდნენ პოზიციებს.

და ის, რაც თავიდანვე რისკს წარმოადგენდა: კონტრშეტევის აქეთ მიღება.

დავთმეთ ცენტრი და მეტოქე მარტივად გადმოდიოდა. ბურთსაც კარგად ათამაშებდა მოკლე პასებით.

არ გაგვიმართლა თავიდან, როდესაც ბუდუს ალბათ მატჩის საუკეთესო შანსი ჰქონდა და ჩაწოლილმა მეკარის საჯარიმოს ხაზიდან ბურთი ჰაერში მოისროლა (მე-5 წუთი). მერე ზურიკომ ითამაშა ყოჩაღად, მაგრამ არც ალბანეთის მეკარე ჩამორჩა და სახიფათო ბურთი მოიგერია. ანგარიშის გახსნა სულ სხვა რეალობას მოგვცემდა – მეტი ენთუზიაზმი იქნებოდა. თანაც ჩვენებს ხომ არ უყვართ, როდესაც აგებენ, მერე რაღაცნაირად იბნევიან.
არ წაგვივიდა არც სტანდარტულები.

არ დარჩა შეცვლის გაკეთების და თამაშის გაძლიერების ვარიანტები. როცა აგებ და ვინც უნდა გამოიყვანო, ყველა თავიდანვე მოედანზე იყო.

დავაბრალოთ ამ თამაშის წაგება ახლებურ სქემას? შესაძლოა ესეც იყოს მიზეზი, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა გარკვეული ცვლილებებიც, სულ ერთნაიარდ ვერ ითამაშებ. შინ, ალბანეთთან მეორე ნომრად არ შეიძლება თამაში. უბრალოდ ზომიერებაა საჭირო ან კარგად მომზადება და თითოეული ფეხბურთელისთვის ზედმიწევნით ზუსტად ახსნა რა უნდა აკეთოს, რომელ ზონაში იმოქმედოს და ა.შ.

მოკლედ, ვითამაშეთ ექსპერიმენტით და ისე წავაგეთ, რომ კარში ხეირინად არც დაგვირტყამს.

საქართველოს 4 მატჩში 6 ქულა დარჩა და გადამწყვეტი ბოლო ორი ტურის, ნოემბრის შეხვედრები იქნება. შანსი ბუნებრივია რჩება.

მოკლედ, სექტემბერში მოპოვებული ოქტომბერში გავანიავეთ და ნოემბერში უნდა ავინაზღაუროთ.

ერთა ლიგა 2024/25. B1 ჯგუფი. IV ტური

საქართველო – ალბანეთი 0:1
14.10. თბილისი. “მიხეილ მესხი”. 25 000 მაყურებელი
გოლი: 0:1 ასლანი (48. ტუჩის პასით)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი (81. წიტაიშვილი), კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი (90+5. შენგელია), კვარაცხელია, ზივზივაძე, მიქაუტაძე
სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი – ალთუნაშვილი, გოჩოლეიშვილი, გოგლიჩიძე, გულიაშვილი, გველესიანი, კვირკველია, შ. ნონიკაშვილი
მწვრთნელი: ვილი სანიოლი

ალბანეთი: სტრაკოშა, ბალიუ, აიეტი, ისმაილი, მიტაი, ასლანი, რამადანი – ნ. ბაირამი (78. სეფერი), ტუჩი (66. დაკუ), ლაჩი, ასანი

მწვრთნელი: სილვინიო

გაფრთხილება: დვალი (76), ნ. ბაირამი (77), მიტაი (90+2), ლაჩი (90+4)
არბიტრი: დ. მაკელი (ნიდერლანდები)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესოა

გვჭირდება განსხვავებული გეგმებიც: სანიოლი გამოუყენებელ შანსებზე დარდობს