in

სად ვიხილავთ ქართველ კედელს

ამერიკულმა გამოცემამ, The New York Times-მა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა გიორგი მამარდაშვილზე, რომელსაც „მთაკაცი“ და „ქართული კედელი“ უწოდა.

„ეს არის ქართველი „მთაკაცი“, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე, რომელმაც ოთხ მატჩში 30 სეივი შეასრულა. ეს მეორე საუკეთესო მაჩვენებელია ერთ ტურნირზე მას შემდეგ, რაც 2008 წელს იგორ აკინფეევმა 32 სეივი ჩაიწერა. მეკარის გმირობამ არ გააოცა არავინ, ვინც მას გასულ სეზონში „ვალენსიაში“ აკვირდებოდა.

23 წლის მამარდაშვილი გერმანიაში ლა ლიგის საუკეთესო მეკარის სტატუსით ჩავიდა. მან თავიდან აიცილა ყველაზე მეტი საგოლე შანსი, ვიდრე ლა ლიგის ნებისმიერმა სხვა მეკარემ და ეს შთამბეჭდავი ფორმა ევრო 2024-ზეც შეინარჩუნა.

ტურნირის წინ ის უკვე იყო რამდენიმე ევროპული კლუბის სამიზნე, როგორებიცაა „ნიუკასლი“, მადრიდის „ატლეტიკო“, მადრიდის „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“ და მილანის „ინტერი“, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე გამორჩეული თამაშებით ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.

მამარდაშვილი მესამე ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა ევროზე, „ვალენსია“ მის ტრანსფერს, დაახლოებით, 50 მილიონ ევროდ აფასებს (54 მილიონი აშშ დოლარი), თუმცა ქართველს კლუბთან აკავშირებს კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. დიდი ინტერესის მიუხედავად, ოფიციალური წინადადება კლუბს ჯერ არ მიუღია.

გასულ კვირას „ბაიერნში“ შესაძლო გადასვლაზე დასმულ კითხვაზე მამარდაშვილმა ნათლად აჩვენა, რომ მას მხოლოდ პირველ ნომრად სურს წასვლა. ის საქართველოს გმირი იყო, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია შეტევას ხელმძღვანელობდა.

მამარდაშვილმა ჯგუფურ ეტაპზე 21 სეივი შეასრულა, რვით მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მეკარემ. მან საშუალოდ გუნდი თამაშში 3.6 გოლისგან იხსნა. ეს იყო საუკეთესო შედეგი ჯგუფური ეტაპის ისტორიაში.

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში 38 მატჩიდან 37 ჩაატარა, გაუშვა 34 გოლი, კარი „მშრალად“ 13-ჯერ შეინახა და ექვსი პენალტიდან სამი მოიგერია. მისმა სეივებმა ხელი შეუშალა თითქმის 10-ით მეტი გოლის გაშვებას, რაც ყველაზე შთამბეჭდავი შედეგია მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარის, იან ობლაკის 2020/21 წლის სეზონში დაფიქსირებული მაჩვენებლის შემდეგ.

მამარდაშვილი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეა, რაც შრომის, თავდადებისა და შანსის გამოყენების შედეგია. მან კარიერის დასაწყისში ცხრა წელი გაატარა საქართველოს დედაქალაქის გუნდ „დინამოში“, კლუბში, სადაც გაიზარდნენ სხვა ვარსკვლავები, მათ შორის „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ქინქლაძე და ხვიჩა კვარაცხელია. მამარდაშვილის მამაც, დავითიც მეკარე იყო, ახლა კი მეკარეების მწვრთნელად მუშაობს.

მან „ვალენსიის“ ყურადღება მიიპყრო მაშინ, როდესაც ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში ესპანურ „გრანადასთან“ განსაკუთრებულად ითამაშა.

„მითხრეს, რომ თბილისის „ლოკომოტივს“ გამორჩეული მეკარე ჰყავდა, ამიტომ დავიწყე მისი დაკვირვება. „გრანადასთან“ მატჩის შემდეგ მოქმედება გადავწყვიტე. დავუკავშირდი მადრიდის „ატლეტიკოს“, „ბარსელონას“, „ჟირონას“, „ვილიარეალს“, „ბეტისს“, მაგრამ ყველამ მითხრა: „ქართველი? არ მომკლა“. მე კი თავს ვიკლავდი, რადგან დავინახე, რომ ის საუკეთესო მეკარე იყო“, – განუცხადა Breaking the Lines-ს ანტონიო ლოპესმა, აგენტმა, რომელმაც ის „ვალენსიაში“ მიიყვანა.

მამარდაშვილი „ვალენსიას“ 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. პირველად ერთწლიანი იჯარით და სეზონის ბოლოს გამოსყიდვის უფლებით. პირველ მატჩში „ხეტაფეს“ წინააღმდეგ კარი „მშრალად“ შეინახა. თუმცა შემდეგ ადგილი სილესენს დაუთმო. მიუხედავად ამისა, 2022 წლის თებერვალში გუნდის შემადგენლობაში დაბრუნდა და დღემდე „ვალენსიას“ საძირკველია.

ვილი სანიოლმა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მარჯვენა მცველმა, The Athletic-თან ის მონათლა „ფანტასტიკურ მეკარედ“. მან მამარდაშვილი ნაკრებში პირველად მაშინ მიიწვია, როცა „დინამოში“ სათადარიგო მეკარე იყო და მის შთამბეჭდავ განვითარებას „ვალენსიაში“ მოესწრო.

„როდესაც ვისაუბრეთ, ვუთხარი, თუ ყოველდღე დიდ ფეხბურთელებთან იმუშავებ, უკეთესი გახდები. მან მიიღო შანსი და გამოიყენა. სამი წლის შემდეგ კი ჩემთვის ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მატჩიდან მატჩამდე ის უკეთესი ხდება“, – ამბობს სანიოლი.

„მან ევრო 2024 მართლაც უმაღლეს დონეზე ჩაატარა და რიგ თამაშებში გამორჩეული იყო. მაგალითად, ჩეხეთთან შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. შესანიშნავი ურთიერთობები აქვს, კარგი სპორტსმენია და ვარჯიშებზე ძალიან შრომისმოყვარე. „ვალენსიაში“ მისი პროგრესი მოკლე დროში განსაკუთრებით შთამბეჭდავი გახლდათ, რასაც ყველა ხედავდა. ასე ევროპაში ამიტომაც აფასებენ“, – ეს დევიდ უებია, რომელიც გერმანიაში სანიოლის სამწვრთნელო სტაფის წევრი იყო.

„მილანის“ ყოფილი ნახევარმცველის, ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით მამარდაშვილს „ვალენსიაში“ ფეხით მეტ თამაშს სთხოვდნენ. ქართველიც ბურთის მისაღებად ცენტრალურ მცველებს შორის ხშირად გადიოდა. ეს დაეხმარა მას ამ ნაკლის გამოსწორებაში, მაგრამ ამ კომპონენტის გაუმჯობესება მაინც ყველაზე მეტად სჭირდება.

ზაფხულის დასაწყისში „ვალენსიამ“ „რაიო ვალეკანოდან“ მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი დაიმატა. ეს მიუთითებს, რომ ისინი მამარდაშვილის გაშვებისთვის ემზადებიან.

მაგრამ „ვალენსიის“ მფლობელი ლიმა მხოლოდ იმ შემთხვევაში დათმობს თავის ერთ-ერთ ვარსკვლავს, თუ იგრძნობს, რომ ეს გუნდს წაადგება. რამდენიმე წყარო ამბობს, რომ მამარდაშვილი ელოდება შეთავაზებას, რათა გახდეს ტოპ გუნდის პირველი მეკარე, თუმცა სიამოვნებით დარჩება ახლანდელ გუნდში, თუ ეს ყველაფერი არ გამოვა. შესანიშნავად ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბევრი ინტერესით ადევნებს თვალს, თუ სად ვიხილავთ „ქართველ კედელს“, – წერს The New York Times-ი.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა პსჟ-ის თილისმად იქცევა და ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებ

პარიზის ოლიმპიადის ყველა მონაწილე ცნობილი: საქართველო პარიზში მცირე იქნება