მესამე და სამართალი არ შედგა. წყალტუბოს “სამგურალმა” არსებობის ისტორიაში მესამედ ითამაშა საქართველოს თასის ფინალში და ამჯერადაც წააგო. “საბურთალომ” კი დავით ყიფიანის სახელობის თასი მეორედ მოიპოვა.
წყალტუბოელებს საქართველოს თასის ფინალში აქამდე 1999 და 2020 წელს ჰქონდათ ნათამაშები და ორივე შემთხვევაში დამარცხდნენ. “საბურთალო” კი თასს 2019 წელს დაუეფლა.
საქართველოს თასი
ფინალი
8 დეკემბერი. ქუთაისი. რამაზ შენგელია.
სამგურალი – საბურთალო 0:1
გოლი: ი. ტაბატაძე, 65.
გარდა ტიტულისა, დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულმა გუნდმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურიც მოიპოვა. “სამგურალისთვის” ეს მესამე ფინალი იყო.
მატჩი არცთუ მაღალ ტემპში დაიწყო და თავიდან გარისკვას არცერთი არ ცდილობდა. საწყისი 30 წუთი “სამგურალი” მეტად ცდილობდა შეტევებს, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსდიოდა. ლევან კორღალიძის შეგირდები კი, გრძელი პასებით ცდილობდნენ ფონს გასვლას. პირველ ტაიმში ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი 43-ე წუთზე შეიქმნა. ნიკოლოზ მალის ჩაწოდების შემდეგ ბურთი საჯარიმოში დმიტრი მანდრიჩენკოს მიუვიდა, რომლის დარტყმულის შემდეგ წყალტუბოელები ძელმა იხსნა.
მეორე ნახევარში “საბურთალო” უკეთ გამოიყურებოდა, მეტად ცდილობდა და მათმა მცდელობებმა შედეგიც გამოიღეს. 65-ე წუთზე ნიკოლოზ მალის ჩაწოდებულ ბურთზე ყველას იური ტაბატაძემ დაასწრო და “საბურთალოს” ლიდერმა უზუსტესი თავური დარტყმით გადაგზავნა ბურთი მაქსიმე ქვილითაიას კარში – 1:0.
დარჩენილ დროში ლევან კორღალიძის გუნდმა მეტოქეს სათამაშო ინიციატივა არ დაუთმო, ბურთი გააკონტროლა და შეხვედრა საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა.
საბოლოოდ 1:0 “საბურთლოს” სასარგებლოდ და ლევან კორღალიძის გუნდი მომავალ წელს საქართველოს ღირსებას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიცავს.
GIPHY App Key not set. Please check settings