საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება აღარ გამოუვიდა.
სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა მოიგო და პლეი-ოფში გასვლა მოახერხა.
საქართველო 2010 წლის შემდეგ გახდა ევროპის ჩემპიონატის პირველი დებიუტანტი, რომელმაც ევროპის 8 საუკეთესო გუნდში გასვლა მოახერხა.
ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ტურნირის მთავარ ფავორიტს რუსეთს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. რუსები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრების შეტევები გაცილებით მწვავე იყო. ელისანდრუს პასის შემდეგ, რონინიო დარჩა მეკარესთან პირისპირ, თუმცა პუტილოვს ვერ აჯობა. ორ ეპიზოდში ძალიან სახიფათო მომენტი ჰქონდა ელისანდრუს, მაგრამ იღბალმა უმტყუნა.
ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მორიგი საუცხოო თამაში ჰქონდა უბერებელ ზვიად კუპატაძეს, რომელმაც “იფრინა” და რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია. განსაკუთრებით, გამოსარჩევია სოკოლოვის და აბრამოვის დარტყმები, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ეფექტურ ნახტომში აიღო.
მეორე ნახევარი რუსეთმა ძალიან მაღალ ტემპში დაიწყო და საქართველოს ნაკრებს დაცვაში საკმაოდ გაუჭირდა. ნიასოვმა ბრწყინვალე დარტყმით აიღო ზვიად კუპატაძის კარი. საბედნიეროდ ანგარიშის გათანაბრება მალევე მოვახერხეთ. იდეალურად გათამაშებული სტანდარტი-ელისანდრუს გამჭოლი პასის შემდეგ ბრუნო პეტრიმ შორეული ძელი კარგად ჩაკეტა და გახვრიტა რუსების კარი.
მატჩის მიწურულს საქართველოს ნაკრებს დაეტყო სერიოზული საკადრო პრობლემები. დღევანდელ მატჩში ჩვენს ნაკრებს ტრავმის გამო, ერთ-ერთი ლიდერი თალესი ვერ ეხმარებოდა. ელისანდრუც ბოლომდე მზად არ იყო მატჩისთვის და მატჩის მიმდინარეობისას შოთა თოფურიაც დაიმტვრა. შესაბამისად, ავთანდილ ასათიანს შემადგენლობის სრულფასოვანი როტაციის საშუალება არ ეძლეოდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ვილიანი გამოეთიშა თამაშს. შიშკალა სრულიად უმეთვალყურეოდ დარჩა და შორეულ ცხრიანში ჩაუსვა ბურთი ზვიად კუპატაძეს.
საქართველოს ნაკრებიდან რეალური საგოლე შანსი ვახტანგ კეკელიას ჰქონდა, მაგრამ მისი ახლო მანძილიდან დარტყმულის შემდეგ რუსეთი ძელმა იხსნა. რუსებს კიდევ ჰქონდათ გატანის რამდენიმე შანსი, მაგრამ ზვიად კუპატაძე შეუდარებელი იყო.
საქართველოს ნაკრებში კი, ბოლოს დაღლილობამ და ტრავმებმა იჩინა თავი და ჩვენს ნაკრებს მატჩის გადასარჩენად რესურსი აღარ ეყო.
მატჩის მიწურულს ავთანდილ ასათიანი რისკზე წავიდა და მეკარის ნაცვლად მეხუთე მოთამაშე შეიყვანა. არჩილ სებისკვარაძეს ბოლო წამებზე ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ პუტილოვმა ჯერ მისი დარტყმული აიღო, დამატებაზე კი იდეალური ადგილიდან ბრუნო პეტრიც ურტყამდა, მაგრამ რუსების მეკარემ უკვე აშკარა გოლისგან იხსნა თავისიანები და მერე, პირიქით აქეთ მივიღეთ გოლი ცარიელ კარში.
საბოლოოდ, 1:3 რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ და ტურნირის მთავარი ფავორიტი რუსეთი ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს, საქართველოს ნაკრები კი, სადებიუტო ტურნირს ღირსეულად და სენსაციური გამარჯვებებით დაემშვიდობა.
GIPHY App Key not set. Please check settings