in

რუსებს საქართველოსთან ფსიქოლოგიური წნეხი მოეხსნათ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოულოდნელი შედეგით დაიწყო. “ბორჯღალოსნებმა” ტურნირზე 20-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტეს და პორტუგალიასთან ფრედ 25:25 ითამაშეს. საქართველოს ნაკრებმა აღნიშნულ ტურნირზე ბოლოს მატში 2017 წელს ბუქარესტში რუმინეთთან წააგო (7:8). რაგბის ევროპის ჩემპიონატის (ერთა თასის) ეგიდით საკუთარ მოედანზე ჩატარებული შეხვედრებიდან კი, ნაკრებს 2009 წლიდან მოყოლებული ყველა მატჩი მოგებული ჰქონდათ და ეს სერიაც შეწყდა.

მომდევნო თამაშს ჩვენი ნაკრები 12 თებერვალს ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს და აქ იოლ გამარჯვებას ველით. მთავარი მატჩი კი, 27 თებერვალს გვაქვს ჩვენი პრინციპული მეტოქის რუსეთის წინააღმდეგ. თანაც ეს მატჩი საქართველოს ნაკრების ისტორიაში საიუბილეო – 250-ე შეხვედრაა.

ამ თემებზე სასაუბროდ დღეს “ავტორადიოს” დილის ეთერს ვეტერანი ქართველი მორაგბე, რაგბის კავშირის ყოფილი მაღალი მიღწევების მენეჯერი სიმონ მაისურაძე სტუმრობდა.

“პორტუგალიასთან მატჩში ჩვენი ნაკრების თამაშში ვერანაირი ტაქტიკა ვერ დავინახე. გუნდს არ ეტყობოდა რა სტილის რაგბის თამაშობდნენ. ქართულ რაგბიში გვყავს თაობა, რომლებიც წამყვან ჩემპიონატებში თამაშობენ, აქვთ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა: ნინიაშვილი, გორგაძე, ნარიაშვილი, გიგაშვილი, აფრასიძე, ლობჟანიძე და ა.შ. ეს ბიჭები ტოპ 14-ში კარგ შეხვედრებს ატარებენ. ბექა გორგაძე საერთოდ საფრანგეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მორაგბე გახდა, მაგრამ ნაკრებს ბოლო ხანი არაფრისთვის მიუღწევია. ეს ყველაფერი კი, სამწვრთნელო სტაფის ბრალია. ისინი ვერ აკეთებენ შემადგონლობის სწორ როტაციას.

რუსეთთან მატჩზე კი, მოლოდინი ისეთი მაქვს, როგორიც ყველა ქართველს. რუსების წინააღმდეგ ფეხის დაცდენა უპატიებელია და ეს მატჩი აუცილებლად დამაჯერებლად უნდა მოვიგოთ. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ რაგბი ევროპის სუპერთასზე პენზას “ლოკომოტივმა” უკვე შეძლო “შავი ლომის” დამარცხება, რომელიც ჩვენი ნაკრების სარეზერვო გუნდს წარმოადგენს და რუსებს საქართველოსთან გამარჯვების ფსიქოლოგიური ბარიერი დიდწილად გადალახული აქვთ”, – გვითხრა მაისურაძემ.

საქართველო რუსეთის სარაგბო დაპირისპირება 27 თებერვალს, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება. საქართველოს ნაკრებს რუსეთთან ხანგრძლივი მოგებათა სერია აქვს. “დათვებმა” “ბორჯღალოსნები” ერთადერთხელ, შორეულ 1993 წელს დაამარცხეს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მორის ყვითელაშვილი: დღევანდელი გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ

რატომ? რუსები საქართველოში ერთობლივ შეკრებაზე მოდიან – რას ემსახურება და რას მოგვცემს ეს