კრიშტიანუ რონალდუს საგა გრძელდება. რამდენიმე კვირაა პრესაში აქტიურად იწერება, რომ 37 წლის სუპერვარსკვლავს გუნდის დატოვება სურს და მისი აგენტი ხოხე მენდეში არაერთ კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, მათ შორის „ჩელსისთან“ და „პსჟ“-თან. „ბაიერნის“ ვარიანტმაც გამოანათა, მაგრამ ოლივერ კანმა თქვა: ის ჩვენს პროფილში ვერ ჯდებაო და ახლა, სულ რომ კალთები დააგლიჯონ რონალდუ მიუნხენში არ გადავა.
კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო და რონალდუ ზედიზედ მეხუთე დღეა „კერინგტონის“ საწვრთნელ ბაზაზე არ მიდის. მიზეზი?- ოჯახის ერთ-ერთი წევრი ცუდადაა და პორტუგალიელი არ ვარჯიშობს.
გუშინ ღამით კი “goal.com”-მა დაწერა, რომ კრიშტიანუ „მანჩესტერს“ წინასასეზონო ტურნეზე არ გაჰყვება. ეს ფაქტი კი ყველაფერს ხსნის. შესაძლოა, რონალდუს ოჯახის წევრი მართლაც ცუდად არის, მაგრამ მისი უშრეტი სურვილი, რომ გუნდი დატოვოს წყალგაუვალია.
თავის მხრივ „ემიუს“ ბოსების პოზიცია ნათელია: რონალდუს კიდევ 12 თვე აქვს კონტრაქტი და მის გაშვებას არ გეგმავენ, ან ამ ეტაპზე ცდილობენ დაარწმუნონ, რომ ტენ ჰაგთან ერთად დიდი წარმატება ელის.
რამდენიმე დღის წინ რიო ფერდინანდმა მის იუთუბ ჩენელზე შემდეგი თქვა: „კერინგტონზე ჩვეულებრივი პანიკაა. რონალდუს ოჯახის წევრი ცუდადაა და ამიტომ არ დადის ვარჯიშებზე. ნუ ქმნით პანიკას. ისე, სათქმელია, რომ რონალდუს ევროპა ლიგის ჰიმნი მოსმენილიც კი არ აქვს და ნუ გიკვირთ თუ წასვლა სურს“.
მოკლედ, ჯერ უცნობია რა იქნება, მაგრამ რაღაც რიგზე ვერ არის. რონალდუ ფიზიკურად 20 წლის ბიჭს ჰგავს, მაგრამ აცნობიერებს, რომ კარიერის დაისშია და, ცხადია, ევროპა ლიგაზე ბურთაობა მის ინტერესში არ შედის.
GIPHY App Key not set. Please check settings