საქართველოს ნაკრებს მალე ორი ამნახაგური მატჩი აქვს, 5 ივნისს თბილისში ფარერებთან და 8 ივნისს ქუთაისში კაბო ვერდესთან. თავიდანვე ვიცოდით, რომ ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით იქნებოდა და მთავარი ვარსკვლავები დაისვენებდნენ. ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა და საინტერესო იყო ახალს ვის მიიწვევდა. მწვრთენელის არჩევანი საკმაოდ თამამია: დაუძახა 16 წლის ფეხბურთელს და გორის „დილას“ ფეხბურთელს.
„დინამოს“ მცველმა საბა ხარებაშვილმა კომენტარი გააკეთა ნაკრებში გამოძახებაზე, რომელიც ისტორიაში ეროვნული ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.
საბა ხარებაშვილი:
„როდესაც გამოძახების შესახებ გავიგე, წარმოუდგენელი შეგრძნება მქონდა, ამის აღწერა ძნელია. ამაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არ არსებობს, ყველა ოცნებამ თვალწინ ჩამიარა.
რა თქმა უნდა, ასეთ პატარა ასაკში ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დიდი პასუხისმგებლობაა, ასევე დიდი გამოწვევა და სტიმულია “.
„ტრანსფერმარკტის“ განახლებული მონაცემებით, 16 წლის საბა ხარებაშვილის ფასი 1.2 მილიონი ევრო გახდა და ის საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა.
ემოციების ქვეშაა გორის „დილას“ მეკარე დავით კერესელიძე:
„ამ ემოციის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, მცირე შოკიც მქონდა, ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა მოხვდე იმ ნაკრებში, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ერს უდიდესი სიხარული აჩუქა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. ეს ემოციებს კიდევ უფრო ამაღელვებელს ხდის.
უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა მაქვს და ნაკრებში მიწვევას კარგ ფორმაში ვხვდები. ვეცდები, მაქსიმუმი გავიღო თითოეულ ვარჯიშზე და თუ შესაძლებლობა მომეცემა, რაღა თქმა უნდა თამაშშიც“.

GIPHY App Key not set. Please check settings