საქართველოს ნაკრებს დღეს რთული მატჩი ელოდება. მეტოქეც ძლიერია, თან ჯგუფის ლიდერი, რასაც ემატება ცალკე სირთულე და წნეხი – ადგილობრივი გარემო და პუბლიკა. ბრიტანეთში თამაში მარტივი არავისთვისაა, გლაზგოს “ჰემპდენ პარკზე” მით უმეტეს. საქართველოს ახალგაზრდული გუნდი ჰყავს და იმედია ჩვენი ბიჭები ამ ზეწოლას გაუძლებენ, რაზეც ისაუბრა კიდეც ჩვენი გუნდის კაპიტანმა.
აქაური ატმოსფერო ჩვენს ახალგაზრდებს ვერ დათრგუნავს, ყველანი კარგად ვართ
საქართველოს შოტლანდია შესარჩევში ორჯერ შეხვდა, ანუ 4-ჯერ ეთამაშა და შედეგი თანაბარია: 2 იმათ მოგვიგეს და 2-იც ჩვენ. აღსანიშნავია, რომ ყოველთვის მასპინძელი გუნდი იგებდა.
შოტლანდიამ საქართველო 2008 და 2016 წლების ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლებში, გლაზგოში ორჯერ დაამარცხა, მაგრამ ორივე შემთხვევაში თბილისში წააგო.
ალექს მაკლიშის გუნდმა 2007 წელს კრეიგ ბიტის მიერ 89-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 გაიმარჯვა. ჩვენგან შოთა არველაძემ გაიტანა.
მეორედ კი 2014 წლის ოქტომბერში, „აიბროქსზე“ აკაკი ხუბუტიას ავტოგოლით 1:0 მოგვიგო.
2007 წლის 17 ოქტომბერსთბილისში ლევან მჭედლიძისა და დავით სირაძის გოლებით 2:0 მოვიგეთ, ხოლო 2015 წლის 4 სექტემბერს ვაკო ყაზაიშვილისგოლით 1:0.
ეს ორივე წაგება ბრიტანელებს ძვირად დაუჯდათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თვალსაზრისით.
საინტერესოა, რომ ბოლო მოგებული თამაშის შემადგენლობიდან რამდენიმე მოთამაშე დღესაც გამოდის საქართველოს ნაკრებში – კაშია, ლორია, კვეკვესკირი, კვირკველია, კაკაბაძე, ყაზაიშვილსაც ნუ ჩამოვწერთ, ხოლო ზურაბ ხიზანიშვილი დღეს სამწვრთნელო შტაბშია.
შეგახსენებთ, მიმდინარე შესარჩევში შოტლანდიას სამიდან სამი მოგება და მაქსიმალური 9 ქულა აქვს, საქართველომ ორი შეხვედრიდან ერთი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და 4 ქულით მეორე ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings