54 წლისინგლისელი სპეციალისტი რიჩარდ ქოქრილი ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს.
ქოქრილმა საქართველოს რაგბის კავშირთან კონტრაქტი 2024 წლის იანვარში გააფორმა და ბორჯღალოსნებთან ერთად, ქართული ფრენჩაიზის თავკაციც გახდა.
მისი თავკაცობით საქართველოს ნაკრებმა ორჯერ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი (2024 და 2025 წლებში) და მოიპოვა 2027 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასის საგზური. 2024 წელს ბორჯღალოსნებმა ქოქრილის ხელმძღვანელობით მესამე გამარჯვება მოიპოვა ტიერ1-ის გუნდთან.
მთლიანობაში, ინგლისელის თავკაცობით საქართველოს ნაკრებმა ორი წლის განმავლობაში 22 თამაში ჩაატარა და 14 გამარჯვება მოიპოვა.
‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელის რანგში რიჩარდ ქოქრილმა 2024 წელს რაგბი ევროპის სუპერ თასი მოიგო, იმავე წლის ჩელენჯ თასზე კი საფრანგეთის ტოპ 14-ის გუნდი ‘ვანი’ დაამარცხა.
„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს რაგბის კავშირს იმ პატივისთვის, რასაც ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრენჩაიზის, ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელობა ქვია. საქართველოში რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ მომიწვია და ამ შესაძლებლობისთვის მას პირადად ვუხდი მადლობას“
„2025 წლის აპრილში სრკ-ს ახალი პრეზიდენტი დავით კაჭარავა გახდა. მას საქართველოს ეროვნული ნაკრების განვითარების განსხვავებული ხედვა აქვს და მე პატივს ვცემ მის გადაწვეტილებას. წარმატებებს ვუსურვებ პირადად მას და მის გუნდს მომავალ საქმიანობაში“.
„ვამაყობ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული პერიოდით. მე შევქმენი მყარი ფუნდამენტი გუნდის მომავლისთვის და მას უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე მანამდე იყო“.
„საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა გასაოცარი კულტურითა და თბილი, სტუმართმოყვარე ხალხით. მე უნიკალური სარაგბო და ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე“ – განაცხადა რიჩარდ ქოქრილმა.
საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის რიჩარდ ქოქრილს გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებას უსურვებს მას მომავალში.
–
„ეკიპმა“ 4 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს რაგბის კავშირი ნაკრების მწვრთნელის რიჩარდ ქოქრილის გადაყენებას და მის ნაცვლად „ბრივის“ თავკაცის პიერ-ანრი ბრონკანის დანიშვნას გეგმავდა. თუმცა, როგორც ირკვევა, მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.
ცნობილი ფრანგული გამოცემის მტკიცებით, ქართული მხარისთვის ბრონკანის კანდიდატურა აქტუალური აღარაა და ახლა მოლაპარაკებებს რამდენიმე სპეციალისტთან და მათ შორის ოქტომბრის ბოლოს „პერპინიანიდან“ აბარგებულ 54 წლის ფრანკ აზემასთან აწარმოებენ.
აღნიშნულია, რომ ქოქრილი ჯერ სამუშაოდან არ დაუთხოვიათ, ის „შავ ლომსაც“ უდგას სათავეში, რომელიც ჩელენჯ თასზე ირლანდიაში „ქონოთთან“ გამანადგურებელი ანგარიშით 0:52 დამარცხდა, აზემას კი გადაწყვეტილება არ მიუღია, რამეთუ რამდენიმე შეთავაზება აქვს, ბურთი მოედნის მის ნახევარზეა და მალე გაირკვევა, დათანხმდება თუ არა „ბორჯღალოსნების“ ჩაბარებას.



GIPHY App Key not set. Please check settings