„სელტიკმა“ მორიგი ქულები დაკარგა, ფრედ ითამაშა „დანდი იუნაიტედთან“ (0:0) და ამის გამო „გლაზგო რეინჯერსმა“ შოტლანდიის პრემიერშიპის ოქროს მედლები გაინაღდა.
ბანკროტ გადატანილმა გუნდმა სტივენ ჯერარდის ხელმძღვანელობით შოტლანდიის ჩემპიონატი პირველად მოიგო ბოლო 10 წელიწადში.
ისტორიაში კი “რეინჯერსი” ჩემპიონი 55-ედ გახდა, რაც რეკორდია.
პირველობის დასრულებამდე 6 ტური რჩება, სხვაობა „რეინჯერსსა“ და „სელტიკს“ შორის კი უკვე 20 ქულაა. ასე რომ, ყოველგვარი მათემატიკური შანსიც არ არსებობს ვინმე დაეწიოს გლაზგოელებს.
აღსანიშნავია, რომ “რეინჯერსი” ჩემპიონი ისე გახდა, რომ ერთი თამაშიც არ წაუგია.
სტივენ ჯერარდისთვის ეს პირველი ტიტულია მწვრთნელის რანგში. როგორც მოთამაშეს კი 11 ჯილდო აქვს მოგებული.
„რეინჯერსი“ ბოლოს ჩემპიონი 2010/11 წლებში იყო.
შოტლანდიური გრანდი ბანკროტად 2012 წელს გამოცხადდა.
გუნდი უმაღლეს ლიგაში 2016/17 წლების სეზონში დაბრუნდა.
მოგეხსენებათ, „გლაზგო რეინჯერსის“ შემადგენლობაში მშვენიერი პერიოდი გაატარა შოთა არველაძემ. ქართველი ორჯერ გახდა შოტლანდის ჩემპიონი (2003 და 2005 წწ) და ორჯერ მოიგო შოტლანდიის თასი.
GIPHY App Key not set. Please check settings