მადრიდის „რეალმა“ ანტონიო რუდიგერი წარადგინა. გერმანელს „ჩელსისთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდში გადაბარგდა.
„უდიდესი დღეა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი მშობლების გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდი. განსაცვიფრებელია იმის ყურება, რასაც „რეალი“ გვიჩვენებს. უბედნიერესი ვარ აქ ყოფნით“. ანტონიომ ხელი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა .
„ვესტ ჰემმა“ ნაიფ აგერი შეიძინა. “ჩაქუჩებმა” „რენს“ 26 წლის მაროკოელის სანაცვლოდ 26.5 მილიონი ევრო გადაუხადეს. აგერი გასული სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მცველი იყო ლიგა 1-ში.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ჩელსი“ და „ინტერი“ ლუკაკუს თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ. საუბარია 1-წლიან იჯარაზე, რომლის დროსაც “ნერაძური” ლონდონელებს 10 მილიონ ევროს გადაუხდის და ლუკაკუს ხელფასსაც იტვირთავს. გასული წლის დეკემბერში ლუკაკუმ ღიად ითხოვა „ინტერში“ დაბრუნება. ის პრემიერ ლიგის მეორე ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. მის სანაცვლოდ „ჩელსიმ“ „ინტერს“ 100 მილიონი ევრო გადაუხადა.
სადიო მანე „ბაიერნის“ მოთამაშეა. ორმაგი ბლოკის შემდეგ მერსისაიდელებმა 42 მილიონიან შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადეს. მანემ „ლივერპულში“ 269 მატჩში 120 გოლი გაიტანა. 2016 წელს წითლებმა „საუთჰემტპონს“, სწორედ 42 მილიონი გადაუხადეს.
ბრიტანული პრესის თანახმად, ბერნარდუ სილვა, მხოლოდ „ბარსაში“ გადასვლას განიხილავს. პორტუგალიელ ფლანგის შემტევს გასულ სეზონშივე სურდა კლუბის დატოვება, მაგრამ გვარდიოლამ კატეგორიული უარი უთხრა. ახლა კი გუნდს ერლინგ ჰოლანდი შეუერთდა და ბერნარდუსაც წავლის შანსი მიეცა. „სიტი“ მის სანაცვლოდ 90 მილიონს ითხოვს. „ბარსას“ კი, მხოლოდ 70-ის გადახდა შეუძლია.
ასევე ბრიტანული პრესის თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბარსელონა“ ფრენკი დე იონგის თაობაზე შეთანხმებას უახლოვდებიან. ამწუთას დისტანცია 15-17 მილიონი ევროა. ერიკ ტენ ჰაგი გამალებით ცდილობს დე იონგთან ხელმეორე მუშაობას.
სულ ახლახან კი მსოფლიო პრესის ცენტრში „პორტოს“ შემტევი ევანილსონი მოექცა. დღეს დილიდან აქტიურად იწერება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 60 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა. 22 წლის ბრაზილიელმა გასულ სეზონში 46 მატჩში 21 გოლის გატანა მოახერხა.
GIPHY App Key not set. Please check settings