The New York Times-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს. გიორგიმ გასულ ზაფხულს კონტრაქტი გააფორმა “ლივერპულთან”, რომელსაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ უნდა შეუერთდეს…
“ვალენსიას” ამ დროისათვის რთული პერიოდი უდგას, თუმცა ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გიორგი მამარდაშვილის დასახელება სამართლიანი ნამდვილად არ იქნება. კი ბატონო, იყო რამდენიმე უხეში შეცდომა, მაგალითად, “ბარსელონასთან” 1:7 წაგებულ შეხვედრაში, მაგრამ მამარდაშვილს არაფერი დამართნია ისეთი, რაც სხვა მეკარეებს არ ემართებათ.
ის ფაქტი, რომ ლა ლიგაში “ვალენსიაზე” მეტი გოლი მხოლოდ ბოლოადგილოსან “ვალიადოლიდს” აქვს გაშვებული, უფრო დაცვის სისუსტეზე მიუთითებს, ვიდრე მეკარისაზე. გასულ სეზონში “მშრალი” მატჩების მიხედვით მამარდაშვილი ლიგაში მეოთხე ადგილზე გავიდა. ეს მაშინ, როცა “ვალენსიამ” ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა.
არის სხვა სტატისტიკური მაჩვენებლებიც, რომლებიც, შესაძლოა, იწვევდეს “ლივერპულის” გულშემატკივრების შეშფოთებას და საჭიროებს გარკვეულ განმარტებას. ასე მაგალითად, მამარდაშვილის მიერ გაკეთებული პასების სიზუსტის მაჩვენებელი არის 63 პროცენტი. ცხადია, ეს არ არის კარგი შედეგი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 600-დან 44 პროცენტი იყო გრძელი პასი, რომელიც აღმოჩნდა მოწინააღმდეგის ნახევარზე, პასების 16 პროცენტის შემდეგ კი ბურთი სულაც მეტოქის მოედნის ნახევრის ბოლო მესამედისკენ წავიდა.
ეს მიგვითითებს იმაზე, რომ მამარდაშვილი უფრო მეტ რისკზე მიდის, ვიდრე სხვა მეკარეები. ისინი თამაშს მოკლე პასებით არჩევენ. მაგალითად, ავიღოთ ალისონ ბეკერი (“ლივერპული”). მისი პასების სიზუსტის მაჩვენებელი 81 პროცენტია. ამ დროს მხოლოდ 20 პროცენტი მიდის მეტოქის ნახევარზე, ბოლო მესამედში კი – 7 პროცენტი. როცა მამარდაშვილი ჩავა “ენფილდზე”, დიდი ალბათობით, ქართველი მეკარის მაჩვენებელი შეიცვლება, რადგან ის არნე სლოტისგან შესაბამის მითითებებს მიიღებს.
ცხადია, შეინარჩუნებს თუ არა “ვალენსია” ლა ლიგაში ადგილს, ეს მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქართველ მეკარეზე. უკვე ნათელია, რომ გიორგი გონებით “ენფილდზეა”. იმისდა მიუხედავად, როგორ განვითარდება მოვლენები, მას განზრახული აქვს, ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში შეუერთდეს “ლივერპულს” და იბრძოლოს ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებისათვის.
ძალიან მალე მას შემდეგ, რაც გადაწყდა მისი ტრანსფერი “ლივერპულში”, ქართველმა მეკარემ დაიწყო ინგლისურის შესწავლა და ბრიტანეთში სახლის შერჩევაზეც იფიქრა. “ლივერპულში” მის ყველა თამაშს ყურადღებით აკვირდებიან და აანალიზებენ.
“ენფილზე” მართლაც დიდი ინტრიგა იქნება, რადგან იქ ორი მაღალი კლასის მეკარეა – ალისონ ბეკერი და კაომინ კელეჰერი. არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ვიტოსლავ იაროში – პერსპექტიული გოლკიპერი, ვინც უკვე ითამაშა ძირითად გუნდში. სათქმელია ისიც, რომ გიორგი “ლივერპულში” თავს მხოლოდ პირველ მეკარედ ხედავს. ასე ფიქრობდა ის მაშინ, როცა კონტრაქტს აფორმებდა მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან…
“ბარსელონასთან” შეხვედრის შემდეგ ყველამ დააფიქსირა ის მომენტი, როცა ქართველი მეკარე და ფერან ტორესი საუბრობდნენ “ლივერპულში” ტრანსფერის თაობაზე. კითხვაზე, თუ რატომ არ გადავიდა ზაფხულშივე, პასუხად გაისმა გიორგიმ უპასუხა – “ალისონი”.
მეორე მხრივ, ამჟამინდელი მდგომარეობა სულაც არ აიძულებს “ლივერპულს”, მოახდინოს ცვლილებები კარის ხაზზე. ალისონი შესანიშნავ ფორმაშია და მას კლუბთან კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. სლოტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის პირველ ნომრად განიხილავს ალისონს.
სამაგიეროდ, როგორც ჩანს, “ლივერპული” დამშვიდობებას გეგმავს კელეჰერთან, ვისაც კლუბთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება. მიმდინარე სეზონის ბოლოს “წითლებს” ექნებათ უკანასკნელი შანსი, სარფიანად გაასხვისონ ირლანდიელი მეკარე და არ აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში, როგორშიც – მოჰამედ სალაჰთან, ტრენტ ალექსანდერ-არნიოლდთან და ვირჯილ ვან დაიკთან დაკავშირებით.
არნე სლოტს კონკრეტულად მამარდაშვილთან დაკავშირებით არასოდეს ულაპარაკია. სამაგიეროდ, ის ხშირად უსვამს ხაზს იმას, რომ მხოლოდ არსებულ შემადგენლობაზეა კონცენტრირებული. სწორედ ამით უნდა ავხსნათ “ლივერპულის” ბოლოდროინდელი პასიურობა სატრანსფერო ბაზარზე.
საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც ქართველ მეკარეზე იქნება დამოკიდებული. მას თამაში მოუწევს სრულიად სხვა სიტუაციაში. ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი კლუბიდან ის მიდის გუნდში, რომლისგანაც თითოეულ შეხვედრაში მხოლოდ მოგებას ელიან.
თანაც, “ლივერპული”, დიდი ალბათობით, ახალ სეზონს ჩემპიონის რანგში დაიწყებს და მის მიმართ მოთხოვნები კიდევ უფრო მოიმატებს. ეს არ უნდა აფრთხობდეს ქართველ მეკარეს. გასულ სეზონში, როცა საუკეთესო მეკარის პრიზი ემილიანო მარტინესს ერგო, ის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ეს მხოლოდ საწყისი ეტაპი უნდა იყოს. მამარდაშვილის მიზანია, რომ ამ სიაში პირველ ადგილზე გავიდეს”, – წერს ავტორიტეტული გამოცემა.
საქართველოს ნაკრების მეკარეზე ერთ-ერთმა წამყვანმა ესპანურმა გამოცემა AS-მაც დაწერა:
“ცოტა ხნის წინ რაც უბრალოდ წარმოუდგენლად ჩანდა, დღეს სინამდვილეა. ბოლო დროს “მეკარე-საოცრება” გიორგი მამარდაშვილი მიწიერი არსება გახდა და “ვალენსიაში” მეკარის პოზიცია უკვე საკამათო გახდა. “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელის, კარლოს კორბერანისთვის ის კვლავ რჩება ძირითად მეკარედ, მაგრამ… არ არის გამორიცხული, სეზონის მიწურულს მისი ჩანაცვლება დიმიტრევსკით მოხდეს”.
TBR Football-ის საფეხბურთო მიმომხილველი გრემ ბეილი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მამარდაშვილის თაობაზე არნე სლოტს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება. “ლივერპულს” არ სურს ალისონის გაშვება სხვა კლუბში. სამაგიეროდ, წავა კელეჰერი. შესაძლოა, მამარდაშვილი დადგეს არჩევანი წინაშე – იყოს მეორე მეკარე “ლივერპულში”, ან იჯარით წავიდეს რომელიმე სხვა კლუბში.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings