ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსი რიო ფერდინანდი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ „პარი სენ-ჟერმენის“ ბაზას ეწვია და საკუთარი “იუთუბ არხისთვის”პსჟ-ს ვარსკვლავებთან – კვარაცხელიასთან, ვიტინიასა და ჟოაო ნევეშთან ინტერვიუები აიღო.
ფერდინანდმა ხვიჩა კვარაცხელიასთან საკუთარი არხისთვის ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა გუნდში არსებულ ვითარებაზე, ადაპტაციის პროცესსა და თანაგუდნელებზე ისაუბრა.

ვინ იყო შენთვის მისაბაძი ფეხბურთელი, როდესაც თამაშს იწყებდი?
კრიშტიანო რონალდო. ვიცი, ის ჩემგან განსხვავებული ფეხბურთელია, თუმცა ის ჩემთვის მისაბაძი იყო. ყოველთვის ვუყურებდი მის თამაშებს. მისი პროფესიონალიზმი სამაგალითოა. ყველამ იცის, რომ რონალდო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა, ამასთან ერთად, ცხოვრების განსაკუთრებული სტილი აქვს. ვცდილობდი, მისგან მესწავლა.
როდესაც უტევ, უფრო ინსტინქტებს ეყრდნობი თუ იმის მიხედვით მოქმედებ, როგორი სტილი აქვს მცველს?
უფრო ინსტინქტებს. ვცდილობ, სწრაფად ვიმოძრაო, რადგან დიდ დროს არავინ გაძლევს. სხეულსა და მხრებს სწრაფად ვამოძრავებ. რა თქმა უნდა, ხშირად ვუყურებ მათ თამაშებს, ვის წინააღმდეგაც მიწევს გამოსვლა და ვიცი, როგორი სტილი აქვთ, თუმცა უფრო ინსტინქტებს ვეყრდნობი.
ვინ არის მცველი, ვისთან მატჩის წინაც გიფიქრია, რომ დღეს რთული დღე იქნება?
საფრანგეთში ბევრი კარგი მცველია. ისინი სწრაფები არიან და მათ წინააღმდეგ მოქმედება რთულია, მაგრამ პარიზში ყოფნის დროს ალბათ ჩემთვის ყველაზე ძლიერი მეტოქე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი იყო.
თამაშის დროს უფრო სტატისტიკაზე ფიქრობ, გოლებსა და ასისტებზე თუ უბრალოდ სიამოვნების მიღებას ანიჭებ უპირატესობას?
ფეხბურთის თამაში ძალიან მიყვარს. არ მომწონს, როდესაც სტატისტიკას უყურებენ, მთავარი გუნდის წარმატებაა. რა თქმა უნდა, გოლების გატანა და საგოლე პასების შესრულებაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არის დღეები, როდესაც კარგად თამაშობ და უბრალოდ არ გიმართლებს. ვცდილობ, თამაშით ვისიამოვნო და გუნდის ნაწილი ვიყო.
რას აკეთებ შენი უნარების განსავითარებლად?
ვუყურებ დოკუმენტურ ფილმებს სხვადასხვა ფეხბურთელზე, როგორ მოძრაობენ ისინი ბურთთან ერთად. ერთი თვის წინ რონალდინიოს კადრებს ვუყურებდი, ის საოცარი მოთამაშეა. ვაკვირდები გარკვეულ მოძრაობებს და ვცდილობ, ავითვისო.
მსურს, შენი გუნდის შემტევ ფეხბურთელებზე გესაუბრო. პსჟ დაბალანსებული გუნდია, თუმცა შემტევი სამეული განსაკუთრებით მომწონს. მაინტერესებს, რას გთხოვთ მწვრთნელი ამ სამეულის წევრებს მოედანზე ყოფნის დროს?
მან იცის, რომ ძალიან კარგად შეგვიძლია შევუტიოთ, თუმცა ყოველთვის უნდა, ისეთივე მაღალ დონეზე შევძლოთ დაცვის დახმარება. მსოფლიო ფეხბურთში ბევრი მაღალი დონის შემტევია, ყველა გუნდი უტევს და იცავს თავს, ხოლო ასეთ დროს დაცვითი ფუნქციების სათანადოდ შესრულება მნიშვნელოვანია. როდესაც „ნაპოლიში“ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით მიწევდა თამაში, ეს ყველაფერი კარგად გავიაზრე და დაცვითი უნარების გაუმჯობესება დავიწყე. ადრე უკანახაზელებს კარგად ვერ ვეხმარებოდი, თუმცა ახლა ვცდილობ, ამ მხრივ უკეთესი ვიყო და ვფიქრობ, კარგად გამომდის.
რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური მომზადება?
ყველაზე მნიშვნელოვანია. ხანდახან გინდა, დაცვას დაეხმარო, რაღაც გააკეთო, მაგრამ ენერგია არ გაქვს. ფიზიკურად კარგ ფორმაში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, არ ვიყავი მოთამაშე, რომელიც დაცვას აქტიურად ეხმარებოდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ აქ ეს უნარი შევიძინე. ერთი ერთზე თამაშისას გარემარბები დღეს უძლიერესები არიან და მცველის დახმარება ბევრს ნიშნავს. ამ ყველაფრის მნიშვნელობას მაშინაც ვხვდები, როდესაც ბურთი მაქვს და მოწინააღმდეგე მცველს შემტევი მოთამაშე ეხმარება, ორი ერთზე თამაში რთულია. ნუნუ მენდესი ხშირად მეუბნება, რა იქნება უკეთესი მისთვის, როდესაც დაცვაში ვართ. კომუნიკაციაც მნიშვნელოვანია.
შემტევ სამ პოზიციას თქვენს გუნდში ოთხი ფეხბურთელი აბალანსებს. ერთმანეთთან ხშირად საუბრობთ?
როგორც გითხარით, ფეხბურთის თამაში ძალიან მიყვარს. „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩებს აქ გადმოსვლამდეც ხშირად ვუყურებდი. ვიცოდი, რას აკეთებდნენ ისინი მოედანზე. ახლა ზუსტად ვიცი, რა არის მათი მთავარი უნარები. საოცარი მოთამაშეები გვყავს შეტევის ხაზში, უბრალოდ, მიეცი ბურთი და წადი სახლში, ისინი რაიმე შედეგიანს შემოგვთავაზებენ. მაგალითად, როდესაც ბარკოლა მარცხნიდან თამაშობს, ვიცი, რომ მას სივრცე უნდა მივცე.
ვისაუბროთ დემბელეზე. ამბობენ, რომ ის „ოქროს ბურთის” მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
ბრწყინვალე ფეხბურთელია. ორივე ფეხით ძალიან კარგად თამაშობს, საოცარი მოძრაობები აქვს და უსწრაფესია. ამასთან ერთად, შესანიშნავი ადამიანია, რამაც აქ გადმოსვლისას მომხიბლა.
ძალიან კარგია, მის პიროვნულ თვისებებს რომ გაუსვი ხაზი. წარსულში დემბელეს ხშირად აკრიტიკებდნენ ხასიათის გამო, რაც, შესაძლოა, უსამართლო იყო. მნიშვნელოვანია, რომ მისმა თანაგუნდელმა აღნიშნა, რამდენად კარგი ადამიანია.
რასაც სოციალურ ქსელებში ვკითხულობთ, სიმართლე არაა, მათ არ იციან, რა ხდება გუნდის შიგნით. ის ყველაზე მხიარული ადამიანია, რომელიც კარიერის განმავლობაში შემხვედრია. მუდამ ბევრს ხუმრობს, ძალიან კარგი ადამიანია. მოედანზეც ყოველთვის გეხმარება, გეკითხება, რაიმე ხომ არ გჭირდება. წელს ყველამ დაინახა, რამდენად გამორჩეულია დემბელე.
რას იტყვი დეზირე დუეს შესახებ?
მხოლოდ 19 წლისაა და ფიზიკურად უძლიერესია. ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელია. გაგვიმართლა, რომ ჩვენს გუნდში თამაშობს. როდესაც 19 წლის ვიყავი, ვხედავდი, ამ ასაკის მოთამაშეები ფეხბურთზე შეყვარებულები იყვნენ, თუმცა არ იყვნენ პროფესიონალები, ეს ბიჭი კი პროფესიონალია. ყოველთვის კონცენტრირებულია, ბევრს მუშაობს, მართლაც განსაკუთრებული ბიჭია.
როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი, ვაკვირდებოდი, რომ ერთი გუნდის შემტევ ფეხბურთელებს ერთმანეთთან კონკურენცია ჰქონდათ. თქვენ შემთხვევაში ამ მხრივ რა ვითარებაა?
ვაცნობიერებთ, რომ კონკურენცია არსებობს, თამაში ყველას სურს, თუმცა, ამავდროულად, ერთმანეთს ვეხმარებით. არასდროს ვამბობთ, რატომ თამაშობს ეს და რატომ არ ვთამაშობ მე. თუ ფეხბურთელი მოედანზე თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს არ გაიღებს, შემდეგ თამაშში სათადარიგოთა სკამზე მოხვდება. ასე რომ, ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან კარგია, როცა ფეხბურთელები ერთმანეთს ეხმარებიან.
„პარი სენ-ჟერმენთან“ ადაპტაცია ძალიან სწრაფად გაიარე. მწვრთნელს შენთვის გეგმა ჰქონდა?
კლუბს ჩემი შეძენა გასულ წელსაც სურდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო „ნაპოლიში“ დავრჩი. მწვრთნელს ჩემთან მუშაობა უნდოდა და ამის შესახებ მაშინაც მითხრა. როდესაც პსჟ-ს წევრი გავხდი, ამიხსნა, თავიდან გამიჭირდებოდა, მაგრამ თანმიმდევრული და კონცენტრირებული უნდა ვყოფილიყავი. შემატყობინა, რომ ძალიან კარგი შემტევი ფეხბურთელები ჰყავდა გუნდს, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო დაცვის დახმარებაც. ამ მოთამაშეებისთვის რაიმე ახალის ჩვენება ურთულესი იყო. ვფიქრობდი, ფიზიკურად ძლიერი ვყოფილიყავი და თითოეული მატჩისთვის სრული ყურადღება დამეთმო, დავხმარებოდი მცველებს.
დიდ გუნდში გადასვლა დიდ ცვლილებებთან ასოცირდება. როდესაც „ლიდსიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავედი, გავაცნობიერე, რომ მოლოდინები გაიზარდა. ყოფილა მომენტი, როდესაც მიხვდი და თქვი, ეს არის ის, რატომაც აქ გადმოვედი?
პირველივე დღიდან აქ ძალიან კარგად მიმიღეს. მაშინვე ვიგრძენი, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი. ამ კლუბისთვის ყველაფერი უნდა გამეღო. თითოეული ფეხბურთელი დამეხმარა ადაპტაციის გავლაში. კლუბის თითოეული წევრი ჩემს მიმართ სითბოს იჩენს, ჩემთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა, რამდენად კარგი ადამიანები არიან ისინი. აქ ძალიან ბედნიერი ვარ”.
GIPHY App Key not set. Please check settings