in

რა ეკონომიკური ეფექტის მოტანა შეუძლია რაგბს საქართველოსთვის

ბორჯღალოსნების ტრიუმფალურ გამარჯვებას იტალიასთან (28:19), ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ცნობილი ბიზნესმენი, წიგნების ავტორი და მსოფლიო ბიზნეს-ტელეარხების ანალიტიკოსი მარკ ჰეინს დენიელი ესწრებოდა.

მან საქართველოსთან ერთად იზეიმა ეს უდიდესი წარმატება, ინტერვიუში კი იმ ეკონომიკურ ეფექტზე ისაუბრა, რომლის მოტანაც ჩვენი ქვეყნისთვის ქართულ რაგბს შეუძლია.

– საქართველოს მიერ ბათუმში იტალიის დამარცხებას უცხოურ მედიაში არნახული გამოხმაურება მოჰყვა, რამდენად არის შესაძლებელი ამ მომენტის მონეტიზაცია ქართული რაგბისთვის?

– იტალიაზე გამარჯვების ფართო და პოზიტიურმა საერთაშორისო გაშუქებამ უკვე იქონია ეკონომიკური ეფექტი – საქართველოსადმი ინტერესი გაიზარდა, მეტ ადამიანს გაუჩნდა ბათუმში ჩასვლის სურვილი; ბრიტანულმა პრესამ, მაგალითად, საქართველოს 6 ერში შესვლის ღირსეული კანდიდატი უწოდა, რამაც რაგბის სამყაროში ინტრიგა გააჩინა პატარა ქვეყნის მიმართ რომელსაც დიდი სპორტული პოტენციალი აქვს. ამ ეფექტის რეალიზება უკვე შეძლეს ახალმა ზელანდიამ, შოტლანდიამ, უელსმა, ტონგამ, ფიჯიმ – რაგბში მიღწევების გამო მსოფლიო პრესა იმდენად ხშირად წერს მათზე, რომ ეს გარდაუვალად იწვევს ტურისტული ტალღის აგორებას.

– კიდევ ერთ ეფექტად ალბათ არგენტინის ნაკრების ინტერესი შეიძლება ჩაითვალოს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წინ წვრთნები ბათუმში გაიაროს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო თასის წინ, მისი მონაწილე გუნდი წვრთნას საქართველოში გაივლის. შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროსადმი ბიძინა ივანიშვილის ასობით მილიონიანმა დახმარებამ უკვე დაიწყო ქართული რაგბისთვის შემოსავლის მოტანა?

– რა თქმა უნდა, საწვრთნელი ინფრასტრუქტურა საქართვლოში მართლაც მსოფლიო დონისაა, და უცხოური გუნდებისთვის გასვლითი ვარჯიშების ჩასატარებლად მიმზიდველია; ინვესტიციამ, რაც ამაში ჩაიდო უკვე გააჩინა საქართველო მსოფლიო რაგბის რუკაზე, და, შედეგად – არამხოლოდ ბილეთების გაყიდვით მიიღებს ქართული რაგბი შემოსავალს არამედ, ინფრასტრუქტურის გაქირავებითაც, – ამას ემატება ავიაბილეთების რეალიზაცია, სასტუმროების ჯავშნები, რესტორნების დატვირთვა; ცალკე ბიძგს იღებს უძრავი ქონების ბაზარი დეველოპმენტის სახით, რომელიც სტადიონებისა და სპორტული კომპლექსების გარშემო ჩნდება. რაგბის გულშემატკივარი ტრადიციულად მაღალშემოსავლიანია და ის მაღალი კატეგორიის სერვისებსა და პროდუქტს მოიხმარს.

– სამეფო ოჯახებს გულისხმობთ, რომელთაც ტრადიციულად განსაკუთრებული ინტერესი აქვთ რაგბისადმი?

– არამხოლოდ, თუმცა მათაც – დიახ, – ცნობილი ფაქტია სამეფო ოჯახების ინტერესი და უშუალო ჩართულობა რაგბიში, რაც ამ სპორტისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდის. რაგბი განუყოფელი ნაწილია ოქსფორდის, კემბრიჯის, იტონის უნივერსიტეტები და კოლეჯები, სადაც არისტოკრატია იღებს განათლებას და ამ სპორტის სიყვარული თაობიდან თაობებს გადაეცემა. არისტოკრატიის ცნობილი სახეები არამხოლოდ ესწრებიან რაგბის მატჩებს, არამედ თავადაც მონაწილეობენ ამ სპორტში რაც რაგბის ხიბლს ზრდის და ერთგვარ გლამურს მატებს მას, – ვფიქრობ ამ ხაზის განვითარების პერსპექტივა საქართველოშიც შესაძლებელია.

– ბათუმში გულშემატკივრის ნახევარს ქალები შეადგენდნენ – რამდენად პერსპექტიულია ეს რაგბის ეკონომიკისთვის.

– იტალიასთან მატჩს ჩემს პარტნიორ ქალთან ერთად ვესწრებოდი, რომელიც სერბეთიდან არის და რაგბიზე პირველად იყო, – იმდენად აღფრთოვანდა სანახაობით, რომ ამ ერთი გამოცდილების შემდეგ რაგბის ფანი გახდა. ვფიქრობ, სწორი მარკეტინგით სავსებით შესაძლებელია რაგბის გარშემო ქალი და კაცი გულშემატკივრების თანაბრად შემოკრება, რაც ამ სპორტში ჩადებული ინვესტიციის უკუგების პოტენციალს გაზრდის. ბათუმის მატჩმა გვაჩვენა რომ ეს რეალობაა, ვფიქრობ სოსო ტყემალაძე ბრწყინვალედ უძღვება საქმეს, უთუოდ სწორი ფიგურაა საქართველოს რაგბის ხელმძღვანელად – სწორ მენეჯმენტს უწევს სპორტულ მიმართულებასაც და მარკეტინგულსაც. ამ მხრივ მომწონს, რომ ცდილობს რაგბი ქვეყნის ბრენდის ნაწილად აქციოს, დაუკავშიროს მის ტრადიციებს და ისტორიას. ვფიქრობ რაგბი შექმნილია საქართველოსთვის და საქართველო კი ნაყოფიერი ნიადაგია რაგბისთვის. ეს არის სპორტი რომელიც ბევრი სხვა სახეობის ელემენტებს აერთიანებს, შესაბამისად ის მიღწევები რომლებიც საქართველოს ჭიდაობაში, მძლეოსნობაში ან თუნდაც ჭადრაკში აქვს შეიძლება რაგბიმ გამოიყენოს.

– უფრო ფართო კუთხით დანახულ ეკონომიკას როგორ აფასებთ საქართველოში?

– მე საქართველოს მიმართ უდიდესი ოპტიმიზმით ვარ სავსე, შარშან საქართველოს მოქალაქეობაც მივიღე და ამ ქვეყანაში ინვესტირებასაც განვიხილავ. ვფიქრობ, ქვეყანა კარგად უმკლავდება პანდემიის, უკრაინაში ომისა და ინფლაციის გამოწვევებს, – ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც ბრიტანეთისას ათჯერ აღემატება. დიდ პერსპექტივას ვხედავ მიზნობრივ ტურიზმში – სპორტული, სამედიცინო, ღვინის, ეკო – მიმართულებით, – ეს ბუტიკური სერვისებია და საქართველომ, როგორც პატარა ქვეყანამ სწორედ ასეთ ნიშურ და ძვირადღირებულ ბიზნესზე უნდა გააკეთოს აქცენტი. საინვესტიციო პოტენციალს ვხედავ აგრო-წარმოებაში, ჰიდრო-ენერგეტიკაში, ტექნოლოგიურ სტარტაპებში და ასევე კაპიტალის კერძო ფონდების განვითარებაში, – ამაზე მუდმივად ვსაუბრობ საერთაშორისო ბიზნეს-მედიაში.

rugby.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარა სალაჰის მემკვიდრედ? ლივერპულის ვრცელი სტატია ხვიჩაზე

საბურთალო ბუქარესტშია, სტიაუას ძველი მწვრთნელი დაუბრუნეს – ცხელა, მაგრამ იწვიმებსო