in

რაღაც უნდა შეიცვალოს… საქართველო გუნდს აღარ ჰგავს და ესპანეთთან კიდევ ერთხელ შერცხვა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთს უმასპინძლა და კიდევ ერთხელ დამარცხდა – 0:4.

ესპანეთი ევროპის მოქმედი ჩემპიონია და მიუხედავად იმისა, რომ არ ჰყავდა ძირითადი ფეხბურთელები (იამალი, პედრი, უილიამსი), მაინც ძალიან ძლიერი გუნდია და მასთან წაგება სათაკილო ნამდვილად არ არის.

სათაკილო და საგანგაშო სხვა რამაა: როგორ წააგებ. საქართველოს ნაკრები ბოლო დროს სულ უფრო სცილდება იმ გუნდს, რომელიც ცოტა ხნის წინ ლამის ციდან ვარსკვლავებს წყვეტდა და ხალხს განსაკუთრებულად შეაყვარა თავი.

ბიჭებს მონდომებას კი არ ვუკარგავთ, მაგრამ არ ჩანს თთქოს ის მუხტი და ჟინი, ბრძოლისუნარიანობა და შემართება.

ვილი სანიოლი კი ცალკე თემაა. ასეთი რამ უცხოეთიდან ახალ მოსულ მწვრთნელს რომ დაემართოს კიდევ გაიგებ კაცი, მაგრამ ამ ბოლო დროს რა გადაწყვეტილებებს იღებს, ცოტა გაუგებარია.

ავიღოთ ესპანეთთან ჩვენი შემადგენლობა.

კაკაბაძის არყოფნაში მარჯვენა ფლანგზე დააყენა მამუჩაშვილი, რომლისთვისაც ეს უჩვეულო პოზიციაა და თან ნაკრებში თითქმის არასდროს თამაშობს. ამას აკეთებ ესპანეთთან? თავად ფეხბურთელს არაფერს ვერჩით, რა მისი ბრალია და, რა თქმა უნდა, ვერაფერი გააწყო. საწყის წუთებში გამოჩნდა, რომ ჩვენი მარჯვენა დაცვის მხარე ჩავარდნილი იყო, ისეთი პასები გავიდა იქიდან. ამასობაში მარცხენა ფლანგზე იდგა მარჯვენა ფლანგელი გოჩოლეიშვილი, რომელიც იმ მხარეს ასევე უხერხულად გრძნობს თავს (პენალტიც მან აიკიდა).

დააყენე ეს გოჩოლეიშვილი მარჯვნივ და მარცხენა ფლანგზე კიდევ ან საფრანგეთში მოთამაშე წიტაიშვილი, ან ლოჩოშვილი გადაიყვანე (ათასჯერ უთამაშია) და ცენტრში კაშია და გოგლიჩიძე. სანიოლის გადაწყვეტილებას ნებისმიერი ვარიანტი ჯობდა. და ეს რომ ასეა, მაშინ გამოჩნდა, როდესაც მიხვდა და გოჩოლეიშვილი მართლა გადმოწია მარჯვნივ, მამუჩაშვილი აწია საყრდენად და მარცხნივ წიტაიშვილი შეუშვა. კაი დროსი იყო.

ახლა შეტევა. ვიცოდით არ იქნებოდა მიქაუტაძე და ბუნებრივია ელოდები, რომ რომელიმე თავდამსხმელით ჩაანაცვლებს. რა ქნა? ერთის მაგივრად სამი შემტევი გამოიყვანა! ესპანეთთან! ზეშემტევ გუნდთან, რომელსაც ბურთი სულ თვითონ აქვს. ბუდუ, ახალწვეულო ტაბატაძე და აქამდე რომ ძირითადში არ აყენებდა ის ზურიკო, დაცვაში რა სარგებლის მომტანი უნდა ყოფილიყვნენ? დაამატეთ ამას ხვიჩა და ისეთი შემტევი შემადგენლობა გამოდის, ალბათ ჰონდურასთანაც რომ არ გაიყვანდა.

ქვილითაიას ჯერ გამოძახება დ მერე მართლა შეყვანა ესპანეთთან, საერთოდ რა ჟანრია, მაგას ალბათ ვერავინ მიხვდება.

საქართველომ გაუშვა 4 გოლი, ერთი მაგდენი კიდევ უნდა გაეშვა და აჩვენა, რომ გუნდი რეგრესის გზაზეა და არა სანიოლის მოღაღადე მომავლის ტრასაზე. ან, როდესაც ერთი წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე, გუნდში ჩემპიონთა ლიგის მომგები 100 მილიონიანი ფეხბურთელი მყავს, „ლივერპულის“ მეკარე და ტოპ 5 ჩემპიონატში ათამდე ფეხბურთელი, რა მომავალი, ახლა მინდა მოგება. კვარაცხელია ახლაა სუპერვარსკვლავი და რატომ უნდა დაველოდო და მოვთხოვო შედეგი 5 წლის მერე?

საქართველო – ესპანეთი 0:4
გოლები: 0:1 ოიარსაბალი (11-პენ). 0:2 ზუბიმენდი (ფაბიან რუისის პასით), 0:3 ფერან ტორესი (34. ოირსაბალის პასით), 0:4 ოიარსაბალი (63. ტორესის პასით).

საქართველო: მამარდაშვილი, მამუჩაშვილი, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე (46. კაშია), გოჩოლეიშვილი, მექვაბიშვილი (73. წიტაიშვილი), კიტეიშვილი, ტაბატაძე (57. კვერნაძე), დავითაშვილი (85. აბუაშვილი), კვარაცხელია, ზივზივაძე (72. ქვილითაია).

სათადარიგოები: კერესელიძე, გუგეშაშვილი, ნარიმანიძე, ლომინაძე, გულიაშვილი, ნონიკაშვილი,

ესპანეთი: სიმონი, პორო (46. ლორენტე), კუბარსი, ლაპორტი, კუკურელია, ზუბიმენდი, ფაბიან რუისი (62. ბარიოსი), ფერან ტორესი (80. პინო), ბაენა, მერინო (62. ლოპესი), ოიარსაბალი (72. იგლესიასი).

გაფრთხილება: მერინო (57)

5 ტურის შემდეგ საქართველო უბადრუკი 3 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილზეა. შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს 18 ნოემბერს ბულგარეთში ვითამაშებთ. შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები სოფიაში 16 ნოემბერს გაემგზავრება. გუნდს მტკ ბუდაპეშტის 27 წლის მცველი მცველი, ილია ბერიაშივილი შეუერთდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: ესპანეთის ვარჯიში დინამოზე

ახალი დაცვითი სისტემის მშენებლობა რთულია: ვილი სანიოლი