მორიგი გაუგებრობა და კითხვის ნიშნები საქართველოს რაგბის კავშირში.
ინფორმაციით, რომელიც სანდო წყარომ მოგვაწოდა, ქუთაისის “აიას” სარაგბო ბაზაზე საქართველოსა და რუსეთის 7-კაცა ნაკრებების ერთობლივი შეკრებაა დაგეგმილი.
რაგბის კავშირის წარმომადგენელი კლუბებს შეკრებაზე მორაგბეების ოფიციალურ მოწვევას უგზავნის. დოკუმენტს ხელს საქართველოს რაგბის კავშირის 7-კაცა ნაკრების მენეჯერი ალექსანდრე ნიჟარაძე აწერს.
დოკუმენტში წერია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში რუსეთის ნაკრები საქართველოს კონკურენტია და მათთან ერთობლივი შეკრების გავლა მნიშვნელოვანია. გთავაზობთ, აღნიშნული დოკუმენტის ორიგინალ ვერსიას.
ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ თორნიკე გოგებაშვილს, რომელმაც დაადასტურა რუსეთის 7-კაცა ნაკრების საქართველოში ერთობლივ შეკრებაზე ჩამოსვლა.
“კი, ვადასტურებთ ამ ინფორმაციას. მოგეხსენებათ, რუსეთის ნაკრებთან ჩვენს 15-კაცა მორაგბეთა ნაკრებს აქვს თამაში. რუსეთის 15-კაცა ნაკრებთან ერთად ჩამოვა მათი 7-კაცა ნაკრებიც. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო ჩვენი ინიციატივა. რუსეთის 7-კაცა ნაკრები საქართველოში საკუთარი ინიციატივით ჩამოდის. ყოველგვარ ხარჯს თავად ანაზღაურებენ, ხოლო სპორტული თვალსაზრისით ეს ჩვენთვისაც კარგი იქნება, რადგან 7-კაცა რაგბიში რუსეთი გაცილებით წინაა ჩვენზე.
ჩვენც, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ იმ აზრს, რომ რუსეთი ოკუპანტია”, – გვითხრა თორნიკე გოგებაშვილმა.
ვინც ჩახედულია რაგბიში, ეცოდინება, რომ 7-კაცა რაგბიში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები გაცილებით წინ არიან. რუსებმა ტოკიოს ოლიმპიადაზეც ითამაშეს და ჩვენ არათუ ოლიპიადაზე, არამედ მსოფლიო ჩემპიონატზეც ვეღარ გავდივართ.
ზოგადად, ერთობლივ წვრთნას სარგებელი მოაქვს. ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯოუნსმა “ბორჯღალოსნები” თავის ნაკრებთან ერთად ბრიტანეთშიც მიიწვია, რომ ინგლისის ნაკრებს ჩვენს შერკინებასთან ევარჯიშა. ეს ნამდვილად კარგი პრაქტიკაა, რადგან ქართველ მორაგბეებს საშუალება მიეცათ საკუთარი შესაძლებლობები მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე ნაკრებთან გამოეცადათ.
მაგრამ, როდესაც გუნდი შენი უშუალო კონკურენტია და მათთან დაპირისპირება სპორტული თვალსაზრისით (დანარჩენს რომ თავი დავანებოთ), პრინციპულ ხასიათს ატარებს, მათთან ერთად ერთობლივი შეკრების გავლა და ვარჯიშებზე მათთვის, ასე ვთქვათ, “კარტის გახსა”, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია.
ანუ რა გამოდის: უშუალო კონკურენტს შეკრებაზე ვაძლევთ საშუალებას ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები დაინახოს და ჩვენი ტაქტიკური მონახაზებიც გაიგოს.
თემაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა მაღალი მიღწევების მენეჯერმა სიმონ მაისურაძემა:
“რუსეთი, მთავარი კონკურენტი, როგორც ამბობ, ჩამოგყავს ერთობლივ შეკრებაზე, შენთან ერთად ავარჯიშებ, ბიჭებთან უყალიბებ კარგ ურთიერთობას. ეს მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება: რუსებს მოვუხსნათ საქართველოსთან წაგების კომპლექსი”.
GIPHY App Key not set. Please check settings