საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია, მაგრამ ფინანსებიც ხომ მნიშვნელოვანია. ფეხბურთში კი დიდი ფული ტრიალებს და ამ დიდი ფულიდან უკვე ჩვენს ქვეყანასაც შეხვდება წილი.
ცნობილია, რომ უეფა ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე გასულ გუნდებს 9.25 მილიონ ევროს გადაუხდის. სწორედ ამდენი შეხვდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ მონაწილეებს.
უეფამ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასულ 24 ნაკრებს ჯამში 331 მილიონ ევროს მისცემს.
უეფას ხარჯი ემატება იმ კლუბების კომპენსაციებზე, რომლებიც ფეხბურთელებს ევრო 2024-ზე უშვებენ – 240 მილიონი ევრო.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ თავად უეფა ტურნირიდან 2.4 მილიარდი ევროს შემოსავალს ელოდება.
ევრო 2024-ის გამარჯვებულს შეუძლია მაქსიმუმ 28.25 მილიონი ევრო მიიღოს, ოღონდ იმ პირობით თუ ჯგუფში სამივე თამაშს მოიგებს.
GIPHY App Key not set. Please check settings