მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ „ჩელსისთან“ ულაპარაკოდ დამარცხდა – 0:3.
ლონდონური გუნდი პსჟ-ს ისე ეთამაშა, როგორც თავად ეთამაშება ხოლმე სხვებს. ცენტრი „ჩელსიმ“ აიღო, პრესინგიც კარგად გამოუვიდა და მაქსიმალურად შეზღუდეს პარიზელები, ხოლო როცა ბურთი ფრანგებს ჰქონდათ, გამწვავება უჭირდათ და უფრო აგორავებდნენ. „ჩელსი“ კი ბევრად სახიფათოდ და სწრაფ ტემპში უტევდა.
შედეგად, მივიღეთ სამი გოლი ერთ ტაიმში, რაც ცოტა მოულოდნელი და იშვიათი რამაა.
ხვიჩა ძირითაში იყო და ცხადია ცდილობდა გამწვავებას, მაგრამ მჭიდროდ ეთამაშებიდნენ და ხშირად უკან პასის გაკეთება უწევდა.
58-ე წუთზე კი შეცვალეს.
კვარაცხელიამ ერთხელ დაარტყა კარში და ყვითელი ბარათი აჰკიდა მეურვეს, მალო გუსტოს.
შეფასებები: Flashscore – 6.1; Sofascore – 6.4; Whoscored – 6.0.
ქართველმა ფეხბურთელმა ტურნირი ერთი გოლითა და ორი ასისტით დაასრულა.

ჩელსი – პსჟ 3:0
13.07. ისტ რეზერფორდი. “მეტლაიფ სთედიუმი”. 82 566 მაყურებელი
გოლები: 1:0 პალმერი (22. გუსტოს პასით), 2:0 პალმერი (30. კოლვილის პასით), 3:0 ჟოაო პედრო (43. პალმერის პასით)
ჩელსი: სანჩესი, გუსტო, კოლვილი, ჩალობა, კუკურელია – ჯეიმსი (77. დიუსბერი-ჰოლი), კაისედო, პალმერი, ენცო ფერნანდესი (61. ანდრეი სანტოსი), ნეტუ (78. ნკუნკუ), ჟოაო პედრო (67. დელაპი)
პსჟ: დონარუმა, ჰაკიმი (73. რამუში), მარკინიოსი, ბერალდო, მენდეში – ვიტინია, ფაბიან რუისი (73. ზაირ-ემერი), ნევეში, დუე (73. მაიულუ), კვარაცხელია (58. ბარკოლა), დემბელე
გაძევება: ნევეში (84)
პსჟ წაგებას ადვილად ვერ შეეგუა. მატჩის ბოლოს ფეხბურთელებს ნერვიულობა დაეტყოთ. ჯერ ჟოაო ნევეშმა მარკ კუკურელიას თმაში მოქაჩა და მსაჯმა გააძევა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გუნდებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ლუის ენრიკე „ჩელსის“ჟოაო პედროს ყელში სწვდა, რომელიც მოედანზე დაეცა. თუმცა ისიცაა, რომ კუკურელიამ და პედრომ ეპიზოდები გააფორმეს.
ასეა თუ ისე, პსჟ-მა სეზონში ოთხ ტურნირზე გამარჯვების შემდეგ, მეხუთე ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო.
მოგვიანებით პარიზულმა კლუბმა განცხადება გაავრცელა:
„ფინალში სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ამ ისტორიული სეზონით წარმოუდგენლად ვამაყობთ. ეს მხოლოდ დასაწყისია. ლოს-ანჯელესიდან სიეტლამდე, ატალანტადან ნიუ-იორკამდე, ბოლო პერიოდი აშშ-ში დაუვიწყარი იყო. მადლობა მხარდაჭერისთვის ათასობით გულშემატკივარს. მადლობა. ჩვენ პარიზი ვართ“.
„ჩელსიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ მოიგო. პირველად 2021 წელს. ამ მაჩვენებლით „ჩელსი“ ბრაზილიურ „კორინთიანსსა“ და „ბაიერნს“ გაუთანაბრდა. მათზე მეტჯერ შეჯიბრება მხოლოდ „ბარსელონამ“ (სამი) და მადრიდის „რეალმა“ (ხუთი) მოიგეს.
GIPHY App Key not set. Please check settings