საქართველოს ნაკრების ევრომეტოქემ პორტუგალიამ ტურნირის დაწყებამდე კიდევ ერთი, რიგით მესამე საკონტროლო მატჩი ითამაშა და ულაპარაკოდ დაამარცხა ირლანდია – 3:0.
წინა მატჩებისგან განსხვავებით, ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კრიშტიანო რონალდომ და დუბლიც შეასრულა.
39 წლის რონალდომ ნაკრებში ნოემბრის შემდეგ პირველად გაიტანა. კრიშტიანოს ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 130 გოლია, რაც რეკორდია. მან ყველა ტურნირზე 1226-ე შეხვედრა ჩაატარა და ამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
პორტუგალია – ირლანდია 3:0
გოლები: 1:0 ფელიქსი (18), 2:0 რონალდო (50), 3:0 რონალდო (60)
პორტუგალია: დიოგო კოშტა – ანტონიო სილვა, პეპე (46. პერეირა), ინასიო – დალოტი (46. სემედუ), ბრუნო ფერნანდეში, ჟ. ნევეში (77. მატეუშ ნუნიეში), ლეაო (46. დიოგო ჟოტა), კანსელო (46. მენდეში) – რონალდო, ჟოაო ფელიქსი (46. რ. ნევეში)
პორტუგალიამ ითამაშა სანახაობრივი ფეხბურთი, შექმნა უამრავი მომენტი. გუნდი კარგი იყო ცენტრშიც და ფლანგებზე… ამ შემთხვევაში რობერტო მარტინესმა სქემა შეცვალა და გუნდი სამი ცენტრალური მცველით ათამაშა.
მოკლედ ხორვატიასთან წაგების შემდგე გუნდმა რეაბილიტირება მოახერხა და ხასიათიც გამოიკეთა.
რაც შეეხება რონალდოს მსოფლიო რეკორდს.
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის გამოთვლებით, ირლანდიასთან მატჩი 1226-ე გახდა ტოპ დონეზე. ამის წყალობით, ლეგენდამ ბრაზილიის ნაკრების ყოფილ მეკარე, როჟერიო სენის გადაასწრო.
რონალდომ 698 მატჩი ჩაატარა პორტუგალიის, ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა და საუდის არაბეთის ჩემპიონატებში, 101 მატჩი – ამ ქვეყნების თასზე. 220 მატჩია საერთაშორისო საკლუბო ტურნირებზე, რასაც ემატება 207 მატჩი პორტუგალიის ნაკრებში.
GIPHY App Key not set. Please check settings