ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. იტალიისა და ესპანეთის არც თუ დალხენილად მყოფმა ჩემპიონებმა ნეაპოლში ფრე ითამაშეს. ასევე ფრედ სრულდებოდა მატჩი პორტოში, მაგრამ სულ ბოლო წამს, გალენომ საჯარიმოს გარედან, ცხრიანში, მოჭრილად ისე მოხდენილად ჩასვა ბურთი, რომ თვითონაც გადაირია, თანაგუნდელებიც გაახარა, მწვრთნელი მთლად გააგიჟა და ხალხიც ტრიბუნებზე ემოციებს მიეცა.
ხვიჩა ამოკეტეს და შეცვალეს: ნაპოლიმ წასაგები არ წააგო
ნაპოლი – ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (60. პედრის პასით), 1:1 ოსიმენი (75. ანგისას პასით)
რობერტ ლევანდოვსკიმ ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა. პოლონელმა თებერვლის ყველა შეხვედრაში გამოიჩინა თავი.
2024 წელს ლევანდოვსკის 13 მატჩში 9 გოლი დაუგროვდა.
35 წლის ლევანდოვსკი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, ვინც „ბარსელონაში“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გოლი გაიტანა. წინა რეკორდი ლიონელ მესის ეკუთვნოდა (33 წლის).
ჩავის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის რანგში ევროთასებზე 23 მატჩიდან მხოლოდ 8 აქვს მოგებული.
2016 წლის დეკემბრის (გლადბახის “ბორუსიასთან”) შემდეგ პირველად მოხდა, რომ “ბარსელონამ”, ჩემპიონთა ლიგის მატჩის პირველ ტაიმში, მეტოქეს კარში დარტყმის საშუალება არ მისცა, ხოლო 2011 წლის მაისის (ნახევარფინალი “რეალთან”) შემდეგ პირველად – ფლეი-ოფის შეხვედრაში.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, “ბარსელონას” არაესპანელ ფეხბურთელებს შორის, ჩემპიონთა ლიგაში 81-ე მატჩი ჩაატარა და გაუსწრო დანი ალვეშს (80 მატჩი). მხოლოდ ლიონელ მესის აქვს ჩატარებული უფრო მეტი (149) მატჩი.
ტერ-შტეგენმა ჩემპიონთა ლიგაზე 90-ე გოლი გაუშვა კატალონური კლუბის შემადგენლობაში. ამით ის გაუთანაბრა ლიდერ ვიქტორ ვალდესს.
ლამინ იამალმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა. 16 წლისა და 223 დღის ასაკში ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც ტურნირის პლეი ოფში უთამაშია.
ვიქტორ ოსიმენმა “ნაპოლის” მაისურით 6 საშინაო გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე და გაუთანაბრდა ლორენცო ინსინიეს. უკეთესი შედეგი (11) მხოლოდ დრის მერტენსს აქვს.
ფრანჩესკო კალცონას დებიუტით “ნაპოლი” მესამე იტალიური კლუბი გახდა “ინტერისა” (2003/04) და “რომას” (2004/05) შემდეგ, ვისაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში სამი სხვადასხვა მწვრთნელი ჰყავდა.
პორტო – არსენალი 1:0
გოლი: 1:0 გალენო (90+4. ოტავიოს პასით)
„არსენალმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში. მანამდე იყო წაგებები 1/8 ფინალში „ბაიერნთან“ (1:5, 1:5) 2016-17 წლების სეზონში და „ბარსელონასთან” (0:2, 1:3) 2015-16 წლების სეზონში.
„არსენალმა“ ბოლო ექვს მატჩში პირველად წააგო. მანამდე ლონდონურ გუნდს ზედიზედ ხუთი მოგება ჰქონდა.
პეპემ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა. 40 წლისა და 360 დღის ასაკში ის გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვისაც ტურნირის პლეი ოფში ძირითად შემადგენლობაში უთამაშია.
გალენოს (“პორტუ”) მიერ მეოთხე დამატებულ წუთზე “არსენალის” კარში გატანილი ბურთი ლონდონური კლუბისთვის ყველაზე გვიანი გოლია ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ხოლო “პორტოსთვის” ყველაზე გვიანი (93:22) გამარჯვების გოლია ჩემპიონთა ლიგის 2003/04 წლების სეზონის შემდეგ.
გალენოს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ექვს მატჩში ხუთი გოლი და ოთხი საგოლე პასი დაუგროვდა. მან გუნდის გოლების (15) ნახევარზე მეტში მიიღო მონაწილეობა.
GIPHY App Key not set. Please check settings