„სპორტინგში“ გიორგი ქოჩორაშვილის ოფიციალური დებიუტი ახლოვდება. ხუთშაბათს, 31 ივლისს „ლომები“ პორტუგალიის სუპერთასზე „ბენფიკას“ დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მოახლოებულ შეხვედრაზე, მიზნებსა და პორტუგალიური ენის შესწავლის სურვილზე მედიასთან ისაუბრა.
„ჩვენი გუნდის გასახდელში სიმშვიდე და თავდაჯერებულობაა. „ბენფიკასთან“ მოახლოებული შეხვედრა განსაკუთრებულია, რადგან ჩვენი ქალაქის გუნდს ვუპირისპირდებით. იმედია, ამ მომენტით ვისიამოვნებ. მჯერა, რომ სუპერთასის მატჩისთვის მზად ვართ.
პორტუგალიური ენის შესწავლის სურვილი მაქვს, რაშიც ჩემი ბრაზილიელი შეყვარებული მეხმარება, ვცდილობ, მოვუსმინო და ვისწავლო. ჯერჯერობით საუბარი მიჭირს, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. როდესაც სხვა ქვეყანაში ხარ, ენის შესწავლა პატივისცემის გამოხატულებად მიმაჩნია.
პირველი ოცნება და მიზანი სუპერთასზე გამარჯვებაა. შემდეგ პორტუგალიის ჩემპიონატიც უნდა მოვიგოთ და ჩემპიონთა ლიგაშიც წარმატებით ვითამაშოთ. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა გვსურს.
ყოველთვის ვოცნებობდი ისეთ დიდ კლუბში თამაშზე, რომელიც მუდამ გამარჯვებისთვის იბრძვის, ასეთ რეალობაში მოხვედრა ჩემი მიზანი იყო. მინდა, შევეგუო ამ ფილოსოფიას, როდესაც შეხვედრის და ტიტულის მოგების შემდეგ ახალი ტიტულის მოგებაზე იწყებ ზრუნვას. „სპორტინგში“ ასეთი მენტალიტეტი მხიბლავს.
გამიმართლა, რომ კლუბში ფანტასტიკური ადამიანები დამხვდნენ, თანაგუნდელები და მწვრთნელი – რუი ბორხესი, რომელიც დიდი პიროვნებაა, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს აქ სამი ან ოთხი წელია, ვთამაშობ. ძმასავით მიმიღეს და გუნდში ადაპტაცია ძალიან გამიადვილეს.
ვიცოდი, რომ დიდ კლუბში მოვდიოდი, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მესიამოვნა, ადამიანური მხარეა, ესაა ყველაზე მეტად დასაფასებელი. ახლა მესმის, რატომ არის „სპორტინგი“ ასეთი წარმატებული კლუბი“.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings