საქართველოს ნაკრები დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე იტალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ქალაქ ტრენტოში გაიმართება და მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგურია, გათამაშდება ტრენტოს თასი. ეს გახლავთ ტრადიციული გათამაშება, რომელიც 2002 წლიდან პერიოდულად, ზაფხულობით იმართება და მასში ძირითადად 4 გუნდი მონაწილეობს, თუმცა ამჯერად ტრენტოში 2 ნაკრები შეიკრიბა.
ტრენტოში უთამაშია საქართველოს ნაკრებს 2013 წელს, როცა ტრენტოს თასში პოლონეთი და ისრაელიც მონაწილეობდნენ. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა 11 წლის წინ იტალიასთან მატჩი 69:85 დათმო. იტალიაც და ტრენტოს თასის მონაწილე ყველა გუნდიც აქაურ თამაშებს იმ მოახლოებული ტურნირის თამაშებისთვის იყენებს, რისთვისაც ემზადებიან. ამჯერად, საქართველოც და იტალიაც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტუნირისთვის ემზადებიან. საქართველო იტალიიდან ლატვიაში გაემგზავრება, სადაც 2-7 ივლისს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება, იტალია კი 25 ივნისს მადრიდში, ესპანეთთან რომ ითამაშებს, გეზს ამერიკისკენ აიღებს, სადაც 3 დღით მაიამიში დაბანაკდება და 29-ში პუერტო რიკოში ჩავა, სადაც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
დღევანდელი მატჩი ორივე გუნდისთვის პირველია ამ მოსამზადებელ პერიოდში. შესაბამისად, მწვრთნელთა შტაბისთვის ეს იქნება პირველი გამოცდა იმ სამუშაოსი, რომელიც მათ მიმდინარე საწვრთნელ შეკრებაზე გასწიეს. საქართველოს ნაკრებმა ტრენტოს არენაზე 2-ჯერ ივარჯიშა. ორივე ვარჯიში ნაყოფიერი და საკმაოდ დატვირთული იყო. მატჩის წინა დღის ვარჯიშზე ალეკსანდარ ჯიკიჩმა მთელი დრო კომბინაციების დამუშავებას და ცალ ფარში სათამაშო ეპიზოდების გათამაშებას დაუთმო.
ნაკრები ტრენტოში 14 კალათბურთელით იმყოფება:
რატი ანდრონიკაშვილი, ლუკა მაზიაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, ჯო, ტომასონი, დავით კაკუშაძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, ავთანდილ ბახტაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, ილია ლონდარიძე.
მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალგახსნილი სპორტული არხი შემოგთავაზებთ.
GIPHY App Key not set. Please check settings