საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. ჩვენმა გუნდმა გახსნით მატჩში ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა.
თავიდან პორტუგალიელები თამაშს აკონტროლებდნენ და უფრო მწვავედ უტევდნენ. ჩვენები უფრო ფრთხილობდნენ და მომენტების შექმნა უჭირდათ. მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა.
ანგარიში 37-ე წუთზე გაიხსნა. გიორგი წიტაიშვილის პასით მეკარესთან პირისპირ გიორგი გაგუა გავიდა, მეურვეს კორპუსი კარგად ჩაუდგა და მეკარეს დაბალ კუთხეში გაუტანა. მეორე გოლი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ პირველ კომპენსირებულ წუთზე საბა საზონოვმა გაიტანა. ჩვენებმა კუთხური მოაწოდეს და ტანმაღალმა მცველმა მეორე სართულზე ყველას აჯობა.
მეორე ტაიმში მოსალოდნელი სცენარით წარიმართა. პორტუგალიამ ბურთი დაიჭირა და ჩვენები კი კონტრშეტევებზე გადაერთვნენ. გვქონდა კიდეც შანსები. რამდენჯერმე გაექცნენ ჩვენი ფეხბურთელები, ერთ ეპიზოდში კი გოჩოლეიშვილი ზედ საჯარიმოს კიდესთან მოცელეს და პორტუგალიას კაცი გაუგდეს.
საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა და ჯგუფში გალიდერდა.
ჯგუფის მეორე თამაში ნიდერლანდები-ბელგია 0:0 დასრულდა.
პორტუგალიის წინააღმდეგ ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ეროვნული გუნდიდან დაბრუნებულმა ფეხბურთელებმა – ირაკლი აზაროვმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა მიიღეს მონაწილეობა. განაცხადში იყვნენ გიორგი მამარდაშვილი და ლუკა გაგნიძე.
ჩვენი გუნდი მეორე მატჩს 24 ივნისს ბელგიასთან გამართავს.
ცალკე უნდა ითქვას მატჩის შემდგომ ემოციაზე. განსაკუთრებით ის ეპიზოდი, როდესაც ფეხბურთელები ქომაგებთან მივიდნენ მადლობის სათქმელად და მერე ერთად, სინქრონიულად სკანდირებდნენ სა-ქარ-თვე-ლო-ს მაღლა აწეული ხელით ტაშის კვრით. მათ ტრიბუნებზე მყოფი გულშემატკივრებიც აყვნენ და შთამბეჭდავი და ლამაზი მომენტი გამოვიდა.
მოგებას მართლაც რომ სხვა ძალა აქვს.
საქართველო – პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 გაგუა (37. წიტაიშვილის პასით), 2:0 საზონოვი (45+1. წიტაიშვილის პასით)
საქართველო: ლუკა კუტალაძე, საბა ხვადაგიანი, საბა საზონოვი, ივა გელაშვილი, ალექსანდრე კალანდაძე, გიორგი წიტაიშვილი (57. ირაკლი აზაროვი), ანზორ მექვაბიშვილი (67. ნოდარ ლომინაძე), ნიკა გაგნიძე, გიორგი მოისწრაფიშვილი (67. ზურიკო დავითაშვილი), გიორგი გულიაშვილი (57. გიორგი გოჩიოლეიშვილი), გიორგი გაგუა (90+2. გაბრიელ სიგუა).
პორტუგალია: სელტონ ბიაი, ნუნო ტავარეში, ტიაგუ დანტაში, პედრო ნეტუ, აფონსუ სოუზა, ჟოზე კარლოსი, ტომაშ არაუხუ, ალეშანდრე პენეტრა, ჟოაო ნევისი, ანდრე ალმეიდა, ვიტინია.
გაძევება: არაუხო (76).
GIPHY App Key not set. Please check settings