საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
11 ნოემბერს, შეკრების მეორე ვარჯიში ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საბა გოგლიჩიძე, ნიკა გაგნიძე და გაბრიელ სიგუა ინდივიდუალურად ემზადებიან, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილი ნაკრების სავარჯიშო პროცესში 12 ნოემბერს ჩაერთვება.
ესპანეთთან და ბულგარეთთან მოახლოებული მატჩების შესახებ ჩვენი გუნდის წევრებმა, ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი კვერნაძემ ისაუბრეს.
ბუდუ ზივზივაძე:
„ვემზადებით ბოლო ორი მატჩისთვის. გუნდში, როგორც ყოველთვის, კარგი განწყობაა. ამ ორ თამაშში ვეცდებით, რომ ოქტომბერში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ, გამოვიკეთოთ ხასიათი და დადებითად შევხვდეთ ახალ სანაკრებო სეზონს.
ფიზიკურად თავს უკეთ ვგრძნობ. ოქტომბრის მატჩებამდე, კლუბში დისკვალიფიკაციის გამო, სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, ხოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაშები ჩავატარე და გოლიც გავიტანე, რაც თავდაჯერებას მმატებს. თუ მოახლოებულ მატჩებში მომეცემა თამაშის საშუალება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ნაკრებს დავეხმარო წარმატების მიღწევაში.“
გიორგი კვერნაძე:
„პირადად ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა ეროვნულ ნაკრებში თამაში. ესპანეთის სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, თუმცა საშინაო კედლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენმა გულშემატკივრებმა ამაყად დატოვონ სტადიონი”.

წლის ბოლო საშინაო მატჩს ჩვენი გუნდი 15 ნოემბერს, დინამო არენაზე, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. 18 ნოემბერს კი, ნაკრები ბულგარეთს სოფიაში ესტუმრება.



GIPHY App Key not set. Please check settings