საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ავსტრიაში განაგრძობს.
3 ივნისს ნაკრებმა 20 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მათ შორის იყვნენ: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, გურამ კაშია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქვილითაია და ბუდუ ზივზივაძე.
ეროვნულ ნაკრებთან ერთად არ უვარჯიშია გიორგი გველესიანს, რომელიც გუნდს გვიან ღამით შეუერთდა. ვარჯიშის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების და მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩის შესახებ გიორგი გოჩოლეიშვილმა ისაუბრა.
გიორგი გოჩოლეიშვილი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი):
“გუნდში ძალიან კარგი გარემო და განწყობაა. ვემზადებით სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის. პირადად ჩემთვის, ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვოცნებობდი ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე.
ვარჯიშებზე სულ ასი პროცენტით ვიხარჯებოდი და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ორმაგი მოტივაციით ვემზადებით მოახლოებული ტურნირისთვის, რომელიც ჩემთვის პირველი იქნება და ძალიან დიდ გამოცდილებას დავაგროვებ.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, მონტენეგროსთან ამხანაგური თამაში დაგვეხმარება გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები. შემდეგ უკვე მოვემზადებით გერმანიისთვის”.
ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 9 ივნისს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას მონტენეგროს წინააღმდეგ, პოდგორიცაში გამართავს.
ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია გამოძახებული. ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით ვარჯიშს მომავალი კვირიდან დაიწყებს.
GIPHY App Key not set. Please check settings