ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში 7 დღეს (9-16 თებერვალს) გრძელდებოდა ევროპის ახალგაზრდობის ზამთრის XVII ოლიმპიური ფესტივალი. შეჯიბრებაში 45 ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელი სპორტის 8 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიათლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი) იბრძოდა მედლებისთვის.
ასპარეზობის ბოლო დღეს – 16 თებერვალს მედლების კომპლექტი სპორტის ოთხ სახეობაში გათამაშდა.
სამთო თხილამურობა
გუნდური პარალელური შეჯიბრება. მცირე ფინალი. საფრანგეთი – ჩეხეთი 2:1, დიდი ფინალი. ნორვეგია – იტალია 3:1
კვარცხლბეკი. 1. ნორვეგია, 2. იტალია, 3. ჩეხეთი
ბიათლონი
4X6 კმ. შერეული ესტაფეტა. კვარცხლბეკი. 1. იტალია (1:09:40.2), 2. ჩეხეთი (1:11:00.1), 3. ავსტრია (1:11:23.6)
თხილამურებით სრიალი
4X5 კმ. შერეული ესტაფეტა. კვარცხლბეკი. 1. იტალია (55:31.6), 2. საფრანგეთი (55:36.1), 3. შვეიცარია (55:37.9)
ყინულის ჰოკეი
III ადგილისთვის. ჩეხეთი – უკრაინა 4;2; ფინალი. შვეიცარია – სლოვაკეთი 5:2
კვარცხლბეკი. 1. შვეიცარია, 2. სლოვაკეთი, 3. ჩეხეთი

ამ პაექრობებით ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი დამთავრდა და 16 თებერვალს ახალგაზრდების დიდი სასპორტო დღესასწაული ბაკურიანში საზეიმოდ დაიხურა. საქართველო ევროპის მერვე ქვეყანა გახდა, რომელმაც როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ფესტივალებს უმასპინძლა.
საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიათლონი) 8 სპორტსმენმა მოსინჯა ძალები. ბათუმში შესანიშნავად იასპარეზა ფიგურულად მოციგურავე ინგა გურგენიძემ, რომელმაც საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა. მოციგურავეების – ვახტანგ მურვანიძის (1997) ვერცხლის, ნიკა ეგაძისა (2017) ბრინჯაოს და კონსტანტინე სუპატაშვილის (2023) ვერცხლის შემდეგ საქართველოსთვის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალების ისტორიაში გურგენიძის ჯილდო მეოთხე მედალია, რომლითაც ჩვენმა ნაკრებმა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მე-15 ადგილი დაიკავა.
ფესტივალის ერთმა კვირამ დაგვანახა, რომ ბაკურიანი ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის ნამდვილი ცდუნებაა. საერთაშორისო შეჯიბრებები, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და უნიკალური კლიმატური პირობები მას მსოფლიო არენაზე ზამთრის სასპორტო ცენტრად აქცევს.
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი: „შეჯიბრების მონაწილეები ბედნიერი ტოვებენ საქართველოს, განსაკუთრებით ბაკურიანს, რადგან აქ საუკეთესო პირობები ჰქონდათ: ხვავრიელი თოვლი, კარგი ამინდი, განთავსება და ტრანსპორტირება. ყველა ამ გარემოების ერთობლიობამ განაპირობა ფესტივალის წარმატება და მაღალი დონე. ქართველი ხალხი თბილი და სტუმართმოყვარეა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველას თავი ისე ეგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. ახალი ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. თქვენს ახალგაზრდებს ზამთრის სპორტის ბევრ სახეობაში ვარჯიშის საშუალება მიეცემათ და ახალი ჩემპიონები გეყოლებათ“.
საბოლოო შედეგებით საქართველო ნიდერლანდებთან ერთად მე-15 პოზიციაზე აღმოჩნდა ერთი ოქროს მედლით.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings