პარიზის ოლიმპიადა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო ფურცელი იყო ქართული სპორტის ისტორიაში, ყველას განსაკუთრებული მადლობა ამ ისტორიის დაწერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიელების დახვედრის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს გუნდის, თითოეული სპორტსმენის, მწვრთნელებისა და პერსონალის დამსახურებაა.
„საქართველომ ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი – სამი ოქროს, სამი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს მედალი და ამით გავიდა პირველ ადგილზე გუნდურ ჩათვლაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ოლიმპიური ჩემპიონები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით, ხოლო პრიზიორები – ღირსების ორდენით დაჯილდოვდებიან.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, განსაკუთრებული ფასი აქვს იმ ჯილდოებს, რომელთაც ოლიმპიელები სპორტულ ასპარეზობებზე იღებენ, თუმცა სახელმწიფო ჯილდოს სხვა ფასი აქვს და ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობა თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანს – ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს – 250 ათას ლარს გადასცემს. ამასთანავე, 50 000 ლარის ოდენობის პრემია გადაეცემა გუნდის ყველა წევრს, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე მედალი არ მოუგია, თუმცა საერთო წარმატებაში წვლილი შეიტანა.
ოლიმპიელებს სიტყვით მიმართეს და მიღწეული წარმატებები მიულოცეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings