საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტმატჩებს დანაკლისით ხვდება. მომდევნო მატჩებში “ბორჯღალოსნებს” ჰავბეკი გელა აფრასიძე ვერ დაეხმარება.
საფრანგეთის TOP 14-ის შეხვედრაში, მონპელიე-კასტრი, რომელიც მონპელიემ 13:26 წააგო, გელამ ერთ ეპიზოდში მეტოქე უხეშად შებოჭა. ქართველმა მორაგბემ მეტოქე ფეხებით ჰაერში აიტაცა და მიწაზე პირდაპირ თავით დაუშვა. რაგბის წესების მიხედვით ეს შუბურ ბოჭვად ითვლება. ამის შემდეგ, გუნდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო, რომლის დროსაც ქართველმა მოწინააღმდეგეს სახეში მუშტი უთავაზა.
შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გელა გაასინბინა, თუმცა საბოლოოდ სადისციპლინო კომიტეტმა გელას დარღვევა უფრო უხეშად მიიჩნია და მას 5 კვირიანი დისკვალიფიკაცია მისცა. შესაბამისად, იგი ნოემბერში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, ლევან მაისაშვილის გუნდი ნოემბერში სამ მატჩს გამართავს. 6 და 12 ნოემბერს “ბორჯღალოსნები” “დინამო არენაზე” ურუგვაის და სამოას უმასპინძლებენ. 19 ნოემბერს კი, კარდიფში, “პრინსიფალითი სთედიუმზე, უელსს შეხვდებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings