in

ნინო სალუქვაძე გინესის ორგზის რეკორდსმენია

გინესის რეკორდების წიგნმა ნინო სალუქვაძის მიღწევა აღიარა და შესაბამისი სერთიფიკატი საქართველოშიც გადმოაგზავნა, თანაც – ორი, რადგან 2 პარამეტრით გამოარჩია: ქალი, ვინც ყველაზე მეტ ოლიმპიადაზე იასპარეზა და სპორტსმენი რომელმაც 10 (ათივე) ოლიმპიურ თამაშებში ზედიზედ (1988, 1992, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2016, 2020, 2024) მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ ტყვიის სროლაში ოლიმპიური ჩემპიონი, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, არაერთი რეკორდის ავტორი ნინო სალუქვაძე პარიზში მეათედ გამოვიდა ოლიმპიადაზე, რითაც კანადელ ცხენოსან იან მილარის რეკორდი გაიმეორა, ქალებში კი იქამდეც იყო აბსოლუტური რეკორდსმენი.

სალუქვაძემ კანადელის რეკორდი კი გაიმეორა, თუმცა მასთან შედარებით, 2 დიდი უპირატესობა მაინც აქვს: მან მიყოლებით იაპარეზა 10-ვე თამაშებზე – 1988 წლიდან მოყოლებული, 2024-მდე არ ჩაუგდია არც ერთი, მილარმა კი 1980 წლის ოლიმპიადა გამოტოვა, უფრო სწორად – გამოატოვებინეს, რადგან მაშინდელი პოლიტიკური ვითარების გამო მთელი რიგი ქვეყნების გვერდით კანადამაც იუარა მოსკოვში ჩასვლა.

თუმცა “ნეკერჩხლის ფოთლები” რომც გამოსულიყვნენ, კაცმა არ იცის, მოიპოვებდა თუ ვერა ლიცენზიას კანადელი ცხენოსანი, სალუქვაძემ კი 10-ვე შემთხვევაში თავისით, ქულებით და ბრძოლით მოიპოვა საგზური, არც ერთხელ არ გადაუციათ მისთვის ლიცენზია საერთაშორისო ფედერაციის კვოტით. ეგრეთ წოდებული ველური ბარათით. მეორე განსხვავება მედლებია – კანადელის აქტივში მხოლოდ 1 ვერცხლია, რომელიც 2008 წელს პეკინში მოიპოვა და ისიც – გუნდურში.

სალუქვაძეს ეს სერტიფიკატები 3 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ოლიმპოიურ კომიტეტში საზეიმოდ გადასცა საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ბეგიაშვილმა.

ამ ღონისძიებას სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა. ესწრებოდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, სალუქვაძის ოჯახის წევრები, საქართველოს სროლის ფედერაციის მესვეურნი, ტყვიის მსროლელები, სპორტული ჟურნალისტები, საზოგადოების წარმომადგენლები.

“არასოდეს მიფიქრია რეკორდებზე და სიმაღლეებზე, მაგრამ სერთიფიკატს აწერია ერთი სიტყვა – Georgia და ჩემთვის ესაა მთავარი, რომ შევძელი ჩემი ქვეყნისთვის რაღაც პატარა მეც გამეკეთებინა”, – თქვა დაჯილდოებისას სალუქვაძემ.

გინესის რეკორდების წიგნში რამდენიმე ქართველია შეყვანილი, თუმცა ნინო სალუქვაძე პირველი ქართველი ოლიმპიელია, ვისაც ეს პატივი ხვდა წილად.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დანიასთან მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო: ბილეთები ისევ ძვირია

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს