პარიზის პარალიმპურ თამაშებზე კიდვე ერთი მედალი გვაქვს: ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო.
ქართველმა პარამოფარიკავემ სტარტზე კეიონგ კვონ ჰოის (კორეა) სძლია 15:5, შემდეგ ჰონკონგელ იუ ჩუ იეს აჯობა 15:4. თიბილაშვილმა მესამე შეხვედრა ჰეიან გუსთან (ჩინეთი) წააგო – 6:15. ამის შემდეგ დამამშვიდებელ წრეში გადაინაცვლა, სადაც ჯერ დაძაბულ პაექრობაში მოუგო უკრაინელ ნატალია მორკვიჩს – 15:14, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელი ბრიანა ვიდე დაჯაბნა – 15:11 და მესამე ადგილი დაიკავა.
„ეს ჩემთვის მეორე პარალიმპიადა იყო. პირველი ტოკიოში გაიმართა და პანდემიის გამო დარბაზი ცარიელი იყო. ამჯერად სავსე ტრიბუნებმა დიდი ემოცია შემოიტანა. ვეცადე მაქსიმუმი მეჩვენებინა. მართალია, ეს ბრინჯაოს მედალია, მაგრამ ჩემთვის ოქროს უდრის. რთული და ემოციური შეხვედრები მქონდა. მადლობა ჩემს ყველა მოწინააღმდეგეს ღირსეული ბრძოლისთვის. გილოცავ, საქართველო!“
სამწუხაროდ, არ გამოუვიდა მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონსა და პრიზიორ ირმა ხეცურიანს. B კატეგორიაში მან ზედიზედ ორი მეტოქე ჩამოიშორა გზიდან – ფრანსია ხაიმე როხასი (ვენესუელა, 15:2) და იადვიგა პაჩეკი (პოლონეთი, 15:9), შემდეგ კი ჩინელ რონ ქსიაოსთან დამარცხდა – 5:15 და მედლებისთვის ბრძოლას ჩამოშორდა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე ხუთი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალი გახლდათ. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ბრინჯაოს მედალს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე დაეუფლა.
GIPHY App Key not set. Please check settings