“ტრანსფერმარკტმა” ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდ გიორგი გულიაშვილთან. მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა ბოსნიურ “სარაევოში” და რომ არა ჩემპიონატის ბოლოს მიღებული ტრავმა, რის გამოც ერთი თვე გაუცდა, ბომბარდირიც გახდებოდა.
ამის შემდეგ მისი სახელი რამდენიმე სახელოვან კლუბს დაუკავშირეს, მაგრამ, როგორც თავად გიორგიმ აღნიშნა, ის უახლოეს მომავალში კლუბის შეცვლას არ აპირებს.
ზამთარში თქვენი სახელი არაერთ ცნობილ გუნდს დაუკავშირეს. მათ შორის იყვნენ “ოლიმპიაკოსი”, “ლანსი”, “ფერენცვაროში”, “ბოლონია”… და ამ დროს, ყველასთვის მოულოდნელად, თქვენ “სარაევოსთან” კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივეთ…
კი, ნამდვილად მქონდა შეთავაზებები, თუმცა, ვფიქრობ, ამ დროისთვის ჩემი საქმე “სარაევოში” არ დამიმთავრებია. გულშემატკივართან და კლუბთან მაქვს განსაკუთრებული კავშირი. მჯერა, ვაშენებთ კარგ გუნდს და მინდა, ამ პროექტის ნაწილი ვიყო.
სატრანსფერო ამბებში თქვენი სახელი ამ ზაფხულსაც ხშირად გამოჩნდება. საინტერესოა, რომელი ქვეყნის ჩემპიონატში გსურთ თამაში?
სასიამოვნოა, როცა ფასდება შენი შრომა და ხშირად გახსენებენ, მაგრამ მე მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვარ კონცენტრირებული. ჩემზე რომ იყოს არჩევანი, ისეთ ჩემპიონატში წავიდოდი სათამაშოდ, სადაც ტექნიკურ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას. მაგალითად, ასეთ ჩემპიონატებია ნიდერლანდებსა და ესპანეთში. თუმცა ამ დროისათვის მხოლოდ “სარაევოზე” ვარ კონცენტრირებული.
რა არის თქვენი სპორტული მიზანი?
მინდა, “სარაევოსთან” ერთად გავხდე ბოსნიის ჩემპიონი. ამასთან, ვითამაშო რომელიმე ევროპულ ტოპ-ლიგაში. მოვიგო რაც შეიძლება ბევრი ტიტული და დავიმკვიდრო ადგილი ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში. ამ მიზნების მისაღწევად ბევრს ვშრომობ.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings