რომ არა დორტმუნდის „ბორუსიას“ შედარებით არასტაბილურობა, რომელიც დიდ გამარჯვებებს, ქულების დაკარგვას მოაყოლებს ხოლმე, წლეულს ბუნდესლიგის საჩემპიონო რბოლა ბევრად საინტერესო და დაძაბული იქნებოდა. ამის მიზეზი კი უცვლელი ლიდერის „ბაიერნის“ ე.წ. „საჩუქრებია“. რეკორდმაისტერიც კარგავს ქულებს და აძლევს მდევრებს მიახლოების საშუალებას. ბოლო 4 მატჩიდან „ბაიერნმა“ 2 მოიგო, 1 წააგო და ახლა 1-იც ფრედ დაასრულა.
ბავარიელებს მეტოქე სუსტი არ ჰყოლიათ, მესამეადგილოსანი ლევერკუზენის „ბაიერი“, მაგრამ ყველას მოეხსენება, რომ მიუნხენში ფარმაცევტები კი არა, დედამიწის არცერთი გუნდი არ არის ფავორიტი. მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს, თუმცა ერთი საკუთარ კარში (მიულერი) და ტაიმიც და მერე მთელი მატჩიც 1:1 დასრულდა.
ეს მცირე შანსი იყო „ბორუსიასთვის“, მაგრამ ისე მოხდა, რომ მისი თამაში „მაინცთან“ გადაიდო (16 მარტს გაიმართება). მიზეზი კორონავირუსია. არადა, საინტერესო იქნებოდა შემცირდებოდა თუ არა სხვაობა, რომელიც ამჟამად მთელი 9 ქულაა.
სამაგიეროდ არაფერი შეცვლილა ოთხეულისთვის მებრძოლ ორ კონკურენტს შორის. ბოლო დროს ძალიან კარგი შედეგების მქონე „ლაიპციგმა“ ვერ მოახერხა მანამდე სამთამაშწაუგებელი „ფრაიბურგის“ შინ დამარცხება. მოგებას ვინ ჩივის, გუნდი წაგებას ძლივს გადაურჩა – „ლაიპციგმა“ ანგარიში ბოლო წუთზე გაათანაბრა.
შესაბამისად მათთვის არაფერი შეცვლილა, მაგრამ ეს იყო შანსი „ჰოფენჰაიმისთვის“, რომელიც თუ კიოლნში მოიგებდა, ორივეს გაასწრებდა და მე-4 ადგილზე გადავიდოდა. თუმცა უმოტივაციო არც „კიოლნი“ იყო, რამეთუ გამარჯვების შემთხვევაში „თხები“ 2 ქულაში მიუახლოვდებოდნენ ოთხეულს.
ასეა თუ ისე, შანსი “სოფლელებმა” გამოიყენეს. მეორე ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ “ჰოფე” მე-4 ადგილზე ამძვრალიყო. ის 2 ქულით უსწრებს მდევრებს და ასევე 2 ქულით ჩამორჩება მე-3 ადგილოსან “ბაიერს”.
“ვოლფსბურგმა“ განსაკუთრებუკლი აქცია მოიფიქრა: ნაცვლად ჩვეული „ფოლკსვაგენის“ ლოგოსი, ფეხბურთელები მოედანზე პაციფიკის ნიშნიანი მაისურებით გავიდნენ. 1960-იან წლებში ეს ნიშანი მშვიდობის საერთაშორისო სიმბოლოდ აღიარეს.
ბუნდესლიგა – XXV ტური
არმინია – აუგსბურგი 0:1
ბაიერნი – ლევერკუზენი 1:1
ბოხუმი – ფიურტი 2:1
ჰერტა – აინტრახტი 1:4
ლაიპციგი – ფრაიბურგი 1:1
ვოლფსბურგი – უნიონი 1:0
შტუტგარტი – გლადბახი 3:2
კიოლნი – ჰოფენჰაიმი 0:1
მაინცი – დორტმუნდი გადაიდო კოვიდის გამო
GIPHY App Key not set. Please check settings