„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ხდება და ქალაქი მთელი სიშმაგით ელოდება სკუდეტოს გაოფიციალურებას. მომდევნო თამაში ნეაპოლელებს შინ უწევთ, „სალერნიტანასთან“ და ტიფოზებს ერთი სული აქვთ ჩემპიონობა გაინაღდონ. ქალაქის ხელმძღვანელობა კი სიფრთხილეს იჩენს, ამდენი ემოციებს აყოლილი ხალხის დაოკება მარტივი არ იქნება. გულშემატკივრებმა „რეპეტიცია“ უკვე გაიარეს, როდესაც „ნაპოლიმ“ წინ ტურში „იუვენტუსს“ მოუგო სტუმრად და ქალაქს მთელი ღამე არ უძინია.
სერია ა-ს პრეზიდენტმა ლორენცო კაზინიმ განაცხადა, რომ „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ 29 აპრილს მატჩი შესაძლოა გადაიდოს და 30 აპრილს „ინტერისა“ და „ლაციოს“ შეხვედრის პარალელურად ჩატარდეს, იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს შეუქმნის.
ნეაპოლის მუნიციპალიტეტმა მატჩის გადადება უკვე მოითხოვა. ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
თუ „ნაპოლი“ მომდევნო ტურში „სალერნიტანას“ დაამარცხებს, ხოლო „ლაციო“ სტუმრად „ინტერს“ ვერ მოუგებს, ხვიჩა და მისი გუნდი ოფიციალურად გაიფორმებენ პირველ ადგილს.
იტალიურ გაზეთებში აქტიურად იწერება „ნაპოლის“ ჩემპიონობის აღნიშნავზე.
ნეაპოლის ცენტრალურ ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილება აიკრძალება. ჯერჯერობით გაურკვეველია მოპედებისა და სკუტერის ამბავი, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივად ივლის.
ნეაპოლში რომიდან პოლიციის გარკვეული რაოდენობა ჩავა, რათა ადგიობრივ სამართალდამცავებს წესრიგის დაცვაში დაეხმარონ.
ცერემონიალზე 100 ათასზე მეტ ადამიანს ელოდებიან.
თუ არა გადადეს, „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ მატჩი შაბათს, 29 აპრილს, თბილისის დროით 17:00 საათზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings