უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ ანდრეი შევჩენკომ განაცხადა, რომ მისი ოჯახი კიევიდან არ გაქცეულა.
ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად მწვრთნელმა საკუთარ ქვეყანასა და პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა.
“მე ლონდონში ვარ, თუმცა დედაჩემი, ჩემი ოჯახი, ნათესავები, მეგობრები, ჩემი ხალხი კიევშია. მინდა მადლობა გადავუხადო ჯარს, ქვეყნის პრეზიდენტსა და უკრაინელ ხალხს, რომ სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენს მიწა-წყალს. ისინი გმირები არიან. ვამაყობ, რომ მათი თანამემამულე ვარ” -უთხრა შევჩენკომ უკრაინულ ტელევიზიას.
წარსულში კიევის “დინამოსა” და სსრკ-ის ნაკრების ფეხბურთელი ვლადიმირ ბესონოვი სამშობლოს დამცველ მებრძოლთა რიგებში ჩადგა.
“ჩვენ რუსები აქ არ გვჭირდება. ჩვენ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს სახლებს”, – განაცხადა 63 წლის ბესონოვმა.
“ეს მამაჩემია, ვლადიმირ ბესონოვია, კიევის “დინამოს” ლეგენდარული ფეხბურთელი. ის იძულებულია თავისი სახლი დაიცვას… უკვე მთელი მსოფლიო ჩვენს მხარესაა. შეაჩერეთ ომი. ხალხი გაწამებულია”, – წერს ბესონოვის ქალიშვილი ანა.
ტირასპოლის “შერიფის” უკრაინელი მწვრთნელი იური ვერნიდუბი რუს ოკუპანტებთან საომრად ზაპოროჟიეში წავიდა. მან ვლადიმირ პუტინის მიმართ თავისი დამოკიდებულება არ დამალა:
„როდესაც ომი დაიწყო, პორტუგალიაში ვიყავი, სადაც ევროპა ლიგაზე “ბრაგასთან” უნდა გვეთამაშა. შუაღამე შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ რუსეთმა ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო. სრულ შოკში ვიყავი. მადლობა ბიჭებს, რომ მხარი დამიჭირეს. ყველამ. მატჩის შემდეგ გენერალურ დირექტორ ვაჟა თარხნიშვილთან მივედი და ვუთხარი, რომ მოლდოვაში დაბრუნების შემდეგ უკრაინაში ოჯახთან წავიდოდი. ჩემი მშობლები კი ზაპოროჟიეში იმყოფებოდნენ.
ზაპოროჟიეში ჩავედი და სამხედრო კომისარიატში გამოვცხადდი. ვაპირებ თარხნიშვილთან შექმნილ სიტუაციაზე დალაპარაკებას. ვფიქრობ, ვაჟა გამიგებს, მან ხომ იგივე გამოიარა, რაც ახლა უკრაინაში ხდება. 2008 წელს რუსეთმა მისი სამშობლოს წინააღმდეგ დაიწყო ომი. ამიტომ ის, როგორც არავინ, გამიგებს.
ვინ გაიმარჯვებს? ჩვენ, აბა, სხვა ვინ? თქვენ ხედავთ, როგორ იბრძვიან უკრაინელები! ვფიქრობ, პუტინი ნანობს, რაც გააკეთა. უკრაინელი ერის ასეთი გაერთიანება ერთ რამედ ღირს.
პუტინს ეს უნდოდა, მაგრამ მთელი მსოფლიოს იმპერატორი ვერასოდეს გახდება. ადოლფ ჰიტლერის ასლია. სიტყვები არ მყოფნის. პუტინი ვამპირია. სწორად ამბობენ: პუტინ, წადი შენი…”
GIPHY App Key not set. Please check settings