სკოტ მაკტომინაი „ნაპოლის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები „მანჩესტერ იუნაიტედის“ 27 წლის ნახევარმცველის აგენტთან და უახლოეს მომავალში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.
შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერი 25 მილიონ ევროდ არის შეფასებული, პლუს ბონუსები, თავად მაკტომინაი კი „ნაპოლიში“ გადასვლას არ ეწინააღმდეგება.
ამასობაში, მოგეხსენებათ, რთულადაა ვიქტორ ოსიმენის საქმე. ერთ დროს გუნდის ლიდერი არც „ნაპოლის“ უნდა და დიდად არც მთხოვნელები ჰყავს. ერთადერთი „ჩელსის“ ვარიანტზე იწერება.
თუმცა…
ნიგერიელმა პასტორმა ვიქტორ ოსიმენს მოუწოდა, არ წავიდეს ლონდონურ კლუბში.
ნიგერიაში ევანგელისტური სასულიერო ეკლესიის დამფუძნებელმა ელია აიოდელემ, რომელიც საკუთარ თავს წინასწარმეტყველს უწოდებს, ოსიმენი გააფრთხილა.
„მინდა სასწრაფოდ ვურჩიო. ოსიმენი „ჩელსიში“ არ უნდა წავიდეს, რადგან იქ თუ წავა, ვერ იბრწყინებს. ეს მის კარიერას გაანადგურებს.
მივმართავ ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციას, თუ ოსიმენი წავა „ჩელსიში“, ნუ გამოიძახებთ მას ეროვნულ ნაკრებში. ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ მას დავუძახებთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ, რადგან ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რაც საჭიროა მსოფლიო ჩემპიონატისა და აფრიკის თასის მოსაგებად“, – განაცხადა პასტორმა.
GIPHY App Key not set. Please check settings