ხვალ, 23 აპრილს, სერია ა -ს 31-ე ტურში ლიდერი „ნაპოლი“ ტურინის „იუვენტუსს“ ესტუმრება, რომელსაც ჩამორთმეული 15 ქულა დაუბრუნეს და გუნდიც საქმეშია – „იუვე“ მე-3 ადგილამდე აიწია და ბუნებრივია აწი განსაკუთრებული მონდომებით ითამაშებს.
დამდეგი მატჩის შესახებ „იუვენტუსის“ მცველმა მატია დე შილიომ ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა, რომლის წინააღმდეგაც სავარაუდოდ მოუწევს კიდეც თამაში.
„ვფიქრობ, კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეების შესაჩერებლად, საუკეთესო გზა სივრცეების შეზღუდვაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პრობლემებს შეგიქმნის.
პირველ წრეში „ნაპოლისთან“ მტკივნეული მარცხი განვიცადეთ. ახლა შურისძიების საშუალება გვექნება“, – განაცხადა დე შილიომ.
შეგახსენებთ, პირველი წრეში „ნაპოლიმ“ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება სწორედ „იუვენტუსთან“ მოიპოვა – 5:1. კვარაცხელიამ კი გაიბრწყინა – გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა. ჩვენიანს 9.8 ქულა დაუწერეს.
ისე კი „იუვენტუსი” საკუთარ მოედანზე ძლიერი გუნდია, ხოლო „ნაპოლიმ“ ტურინში ბოლოს 2018 წელს მოიგო.
„მილანთან“ მატჩისას მიღებული ტრავმის გამო „ნაპოლის“ პორტუგალიელი მცველი მარიო რუი 4-6 კვირით გამოვიდა მწყობრიდან და ამ სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს.
მარიო რუი მთელი ჩემპიონატის განმავლობაში კვარაცხელიასთან ერთად მარცხენა ფლანგზე შესანიშნავ დუეტს ქმნიდა.
„ნაპოლის“ დანაკლისი შესაძლოა ამით არ დამთავრდეს. Sky Sport წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს 3 გამორჩეული მოთამაშე დატოვებს.
საუბარია პიოტრ ზელინსკის, ვიქტორ ოსიმენსა და კიმ მინ-ჯეს წასვლაზე.
„ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მითითებული არ არის. ამიტომ მოსალოდნელია, რომ კვარა „ნაპოლიში“ კიდევ ერთ სეზონს გაატარებს. თუმცა კიმ მინ ჯე, პიოტრ ზელინსკი და ვიქტორ ოსიმენი დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებენ. მათ შესანიშნავი სეზონი აქვთ და უამრავი გრანდის ყურადღება მიიქციეს. ამის შანსი ნამდვილად მაღალია“ – წერია გამოცემაში.
GIPHY App Key not set. Please check settings