in ,

ნაკრებში პოტენციალი არის, მწვრთნელი კარგად გვამზადებს და წარმატების იმედი მაქვს… დაჩი ლორთქიფანიძე

სერია A-ში, “კრემონეზეს” მაისურით, შედგა დაჩი ლორთქიფანიძის დებიუტი საბა გოგლიჩიძის “უდინეზესთან” შეხვედრაში. ის გახდა მე-8 ქართველი, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ტოპლიგის მატჩში ითამაშა.

მანამდე, იტალიურ საკლუბო ელიტაში ნათამაშები ჰქონდათ კახა კალაძეს (“მილანი”, “ჯენოა”), ლევან მჭედლიძეს (“პალერმო”, “ემპოლი”), ხვიჩა კვარაცხელიას (“ნაპოლი”), ლუკა ლოჩოშვილს (“კრემონეზე”), საბა საზონოვს (“ტორინო”), გიორგი კვერნაძეს (“ფროზინონე”) და საბა გოგლიჩიძეს (“ემპოლი”, “უდინეზე”).

20 წლის ნახევარმცველის დებიუტს Cremonasport-მა წერილი მიუძღვნა და დაჩის კომენტარიც გამოაქვეყნა.

“მან პირველად “კრემონეზეს” მაისურა 2019 წელს მოირგო. მთელი კარიერა კრემონელთა ახალგაზრდულ გუნდში გაატარა: 15 და შემდეგ 17-წლამდელებში და “პრიმავერაში” (იტალიის ახალგაზრდული ლიგა), რომელსაც “პრიმავერა 1-ში” დაწინაურებისას და გასულ სეზონშიც კაპიტნობდა. საუბარია 2005 წელს დაბადებულ ქართველ დაჩი ლორთქიფანიძეზე, რომელსაც პროფესიულ ფეხბურთში დებიუტი “კრემონეზე”-“უდინეზეს” მატჩში ჰქონდა”, – წერს Cremonasport.

“მწვრთნელმა მატჩის წინ გამაფრთხილა, რომ შესაძლებელი იყო, მოედანზე შევსულიყავი და იმ მომენტიდან, გასახდელიდანვე კონცენტრირებული და თამაშისთვის მზად ვიყავი. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ მშვიდად გახლდით. წლების განმავლობაში ამ მომენტისთვის ვმუშაობდი და ვვარჯიშობდი. ამიტომ, დებიუტს საკმაოდ მშვიდად შევხდი. ყველაზე ემოციური მომენტი მაშინ შევიგრძენი, როცა მივხვდი, ეს რა იყო.

“კრემონეზეს” მაისურით თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთი წლის წინ უკვე მქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი შეთავაზება ბუნდესლიგის გუნდისგან, მაგრამ მჯეროდა პროექტის, მჯეროდა იმის, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვაკეთებდი და საბოლოოდ კონტრაქტი “კრემონეზესთან” გავაფორმე.

მადლობა მწვრთნელს, რომელმაც მომცა ეს შესაძლებლობა, დირექტორს და ყველა იმ პერსონალს, ვინც მხარი დამიჭირა მას შემდეგ, რაც პირველ გუნდში შევუერთდი. მინდა ვუთხრა ყველა ბავშვს, ვინც ჩვენს აკადემიაში ვარჯიშობს, რომ ყოველთვის სჯეროდეთ თავიანთი ოცნებების და იცოდნენ, რომ შეუძლიათ მიზნების მიღწევა”, – ამბობს ლორთქიფანიძე.

პატარა სირთულეების გადალახვის შემდეგ, “ლელომ” დაჩი ლორთქიფანიძესთან ინტერვიუს ჩაწერის უფლება მიიღო – 20 წლის ნახევარმცველმა დებიუტზე, ახალ მოთხოვნებთან შეგუებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ილაპარაკა…

სერია A-ში სადებიუტო თამაშს გილოცავთ. ჩანდა, რომ ემოციებში იყავით…

ბედნიერი ვიყავი, მაგრამ დიდად არ ვნერვიულობდი, გახურებამდე მწვრთნელმა მითხრა – დიდი შანსია დამჭირდეო და სანერვიულოც არაფერი იყო.

ეს განცდა მაშინ გამიჩნდა, როდესაც პირველი ბურთი დაკარგე. მერე კი აშკარად მობილიზებული ჩანდი…

ესეც მომენტიდან გამომდინარეობდა, ორი მეტოქე ისე ჩამიდგა, ბურთს გამოცდილი ფეხბურთელიც დაკარგავდა. თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე შევედი, მაგრამ ტემპი იყო, არ დაწეულა. იტალიის ჩემპიონატში ხომ ყველაფერი სისწრაფეებში კეთდება. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ნანახი ერთია, პირველად რომ თამაშობ და მიჩვეული არ ხარ, შეგუება გჭირდება. მეც პირველივე წუთებიდან ნელ-ნელა ვაკვირდებოდი და ვეგუებოდი ტემპს, თამაშს და მერე მგონი ეს მომენტიც გადავლახე.

“პრიმავერას” შემდეგ როგორი მოლოდინი გქონდათ და როგორი აღმოჩნდა რეალობა?

“პრიმავერასთან” შედარებით, რა თქმა უნდა, დიდი სხვაობაა. “კრემონეზეს” სარეზერვო გუნდში 3 წელი ვთამაშობდი და დიდი გამოცდილება მივიღე. მაგრამ სერია A-ს ვერანაირად ვერ შეადარებ, იქ გაცილებით მაღალი დონე, სისწრაფეები და კლასში უდიდესი განსხვავებაა.

თამაშში მაღალი ტემპი 90 წუთი გრძელდება და შეიძლება ბოლო წუთებში კიდევ უფრო აიწიოს. თუ მოდუნდები, შეიძლება ეგრევე დაგსაჯონ. ბურთის სწრაფად გორავს. მწვრთნელმა მითხრა – სანამ ბურთი შენთან მოვა, გაგრძელება მანამდე უნდა იცოდეო. მით უფრო რთულია მოედნის ცენტრში, სადაც ეგრევე ფეხზე “გაჯდებიან” და სივრცე არ გაქვს. ძალიან სწრაფად და დროულად უნდა გააკეთო პასი, თორემ შეიძლება, საპასუხოდ ცუდი კონტრშეტევა მიიღო…

მთავარ მწვრთნელს, დავიდე ნიკოლას, თქვენს დებიუტზე საკმაოდ კარგი რეაქცია ჰქონდა…

ვესაუბრე და მითხრა, ბევრი ფაქტორი იყო, რასაც შეიძლებოდა, დაებნიე, მაგრამ, შევამჩნიე, რომ წყნარად იყავი და საბოლოოდ კარგად ითამაშეო. დებიუტი ყველამ მომილოცა და მათგან თანადგომას ვგრძნობდი – ფეხბურთელებისგან, სამწვრთნელოს სტაფის წევრებისა და დირექტორისგან. ასეთი დამოკიდებულება ძალიან გამიხარდა.

სერია A-ში დებიუტი კარიერული წინსვლისთვის დიდი ნაბიჯია. მაგრამ რამდენად ხშირად გათამაშებენ, ან შემდეგ მატჩში რა იქნება იმის გათვალისწინებით, რომ თქვენს პოზიციაზე მიკელე კოლოკოლო ტრავმირებულია?

ეს ჯერ არ ვიცი. ახლა ამაზე ვერც ვილაპარაკებ. ერთი მხრივ, ეს ჩემზეც იქნება დამოკიდებული და გარემოებებზეც. მთავარი ისაა, მწვრთნელისგან ნდობას ვგრძნობ და სწორ დამოკიდებულებას ვხედავ. “ინტერთანაც” შეეძლო, ბოლო წუთებზე შევეყვანე, რადგან 57-ე წუთზე უკვე 0:4-ს ვაგებდით და თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო…

მაგრამ შეგნებულად ამჯობინა, რომ ასეთ შეხვედრაში არ შევეშვი და მაინცდამაინც “უდინეზესთან” 1:1-ზე შემიყვანა. ამით ნდობა გამოავლინა და მაჩვენა, რომ მნიშვნელოვან მომენტში ჩემი იმედი ჰქონდა. ჩემს საქმეს შემდეგშიც გავაკეთებ და ვეცდები, სათამაშოდ სულ მზად ვიყო, დანარჩენს კი მწვრთნელი გადაწყვეტს.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებზეც ვისაუბროთ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჯერ ბოლომდე ვერ გაიხსენით…

პრობლემა ის იყო, რომ სხვა ნაკრებებისგან განსხვავებით, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამო ამხანაგური თამაშები არ ჩაგვიტარებია. ასეთ დროს თავიდანვე შეუძლებელი იყო იმის ნახვა, ვის რა შეეძლო. მაგრამ ყოველ შეკრებაზე გუნდი აშკარად უმატებს, უფრო შევთამაშდით, ნაკრებმაც უკეთ გამოავლინა პოტენციალი და ინდივიდუალურად – ფეხბურთელებმაც. შედეგად, მალტასთან მესამე შეხვედრა დამაჯერებლად მოვიგეთ.

ახალგაზრდულ ნაკრებში შეტევაში ნაკლებად ერთვებით. იმიტომ ხომ არა, რომ იტალიაში დაცვაში მუშაობას ხართ შეჩვეული?

საყრდენი ვარ და ამიტომ, დაცვის წინ უნდა ვიყო, გუნდის თამაში დავაზღვიო და დავამშვიდო. სვანაძე “6 ნომრის” დავალებას მაძლევს, ზონები რომ არ გათავისუფლდეს. მან იცის, რა შემიძლია და დავალებებიც აქედან გამომდინარეობს. თავს კარგად ვგრძნობ, რადგან არც მზღუდავს. თუ შანსი მომეცემა, წინაც სიამოვნებით მივდივარ.

კარგია, რომ მეტ-ნაკლებად შეთამაშდით, რადგან ყველაზე რთული თამაშები ნოემბერში გელით…

წინ ძალიან მძიმე თამაშები გველის, გერმანიაც და საბერძნეთიც ჯგუფის ლიდერები არიან, დიდი კონცენტრაცია და ყურადღება დაგვჭირდება. ამ ორ შეხვედრაში 3 ქულა მაინც რომ მოვიპოვოთ, კარგი იქნება.

ეს რეალურია?

შეგვიძლია ამ შეხვედრებში წარმატებას მივაღწიოთ, რადგან გუნდში პოტენციალი არის და მწვრთნელიც ტაქტიკურად ძალიან მაღალ დონეზე გვამზადებს. იტალიელი სპეციალისტები სწორედ ამით არიან ცნობილები. სვანაძე კი არავის ჩამოუვარდება. სხვათა შორის, ესეც აუცილებლად უნდა ვთქვა – ტაქტიკურ ფაზებს ბიჭები ძალიან კარგად ითვისებენ.

…ეროვნულ ნაკრებშიც ამის მერე შეიძლება გამომიძახონ

სერია A-დან საქართველოს ეროვნულ ნაკრებამდე ერთი ნაბიჯია. თქვენი აზრით, რა არის საჭირო, რომ გამოგიძახონ?

სერია A-ში ხშირი პრატქიკა მჭირდება და არა უბრალოდ თამაში, არამედ, მაღალ დონეზე თამაში. მერე შეიძლება გამომიძახონ. ეს ჩემი და ყველა ფეხბურთელის მიზანი და ოცნებაა. ძალიან ვიამაყებ, ასე რომ მოხდეს.

Cremonasport-თან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ბუნდესლიგის კლუბისგან მნიშვნელოვანი შეთავაზება გქონდათ. როგორც ვიცი, მოლაპარაკება მიონხენგლადბახის “ბორუსიასთან” გქონდათ…

დიახ, იყო ინტერესი…

ეს როდის იყო?

2024 წლის ზაფხულში…

…და რატომ არ წახვედი?

იმ მომენტში “კრემონეზეში” დარჩენა ვამჯობინე, რადგან მთავარმა გუნდმა კონტრაქტი შემომთავაზა. 9 თუ 10 წლიდან ამ გუნდში ვიზრდებოდი, ახალი პროექტი ჰქონდათ და ჩემი სჯეროდათ. რა თქმა უნდა, ჩემთვის კომფორტულია, რადგან “კრემონეზეს” აკადემიაში გავიზარდე, ყველას ვიცნობ და კარგად ვარ. მთავარ გუნდში დაწინაურება მსურდა და ასეც მოხდა.

იტალიური უკვე კარგად იცით?

ძალიან კარგად! აქ ვცხოვრობ, სკოლაც აქ დავამთავრე და არანაირი პრობლემა არ მაქვს.

იტალიაშიც ჩვენნაირად აღნიშნავენ “ბოლო ზარს”?

მსგავსი დამშვიდობება აქაც აქვთ. მაგრამ მე, სამწუხაროდ, ვერ დავესწარი. როცა ფეხბურთზე დატვირთვები გაიზარდა, პარალელურად კარგად სწავლა ძალიან რთული იყო. სამი წელი კლასს “ონლაინ” ვხურავდი. ბოლო ზარი ამიტომ არ მქონდა.


lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნიკა ამაშუკელი მსოფლიოს საუკეთესო მსაჯების TOP 10-შია

კლასიკოს მადრიდი მოიგებს: ილია თოფურია